საზოგადოებრივ მაუწყებელზე დათო გორგილაძის გადაცემა დაიხურა
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობენ ინფორმაციას.
მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც.
"მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას გორგილაძე.
"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 29 დეკემბერს გავა. დავით გორგილაძე მაუწყებლის თანამშრომელი აღარ იქნება - მისი თქმით, მაუწყებლს თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დაკავშირება მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორთან, რუსუდან მანჯგალაძესთან, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო, რომ არხზე გადაცემები იხურება.
"თქვენ ხომ იმაზე ადრე არ გეტყვით, ვიდრე თვითონ გადაცემას უნდა ვუთხრათ ან ვიდრე ერთმანეთში გავისაუბრებთ. როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება ან არ იქნება შემდგომ აუცილებლად გაგაგებინებთ", - ამბობს დირექტორთა საბჭოს წევრი, რუსუდან მანჯგალაძე.