“დაბრუნდეს “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საზოგადოებრივ მაუწყებელზე” - პეტიცია შეიქმნა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის - “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს!
დავით გორგილაძის გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა. არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ გადაცემის საეთერო ბადეში დაბრუნებას”, - აღნიშნულია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლიდან “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.