თეგებით ძიება

გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში - ჯუანშერ ბურჭულაძე

„გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა საქართველოში წარმოებული უპილოტო საშუალებების სატესტო გამოცდა წარმატებით განახორციელა.

„ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოება. თანამედროვე ბრძოლებში დრონები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და უკრაინამ ეს კარგად დაგვანახა. უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, ჩვენ ომამდე უკვე გვქონდა მოლაპარაკება ძალიან წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო „დელტაში“.

მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ხდება დღეს შეიარაღების ბაზარზე, ზოგადად, არსებითად შეცვლილია ომის შემდეგ შეიარაღების ბაზარი, იცით თქვენ რამხელა მოთხოვნაა, ფაქტობრივად რამდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რაიმე შეიარაღება. ჩვენ ომამდე ეს პროცესი უკვე დაწყებული გვქონდა და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში და ასევე, წარმოების მიმართულებით“ - განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შაშხანების პროექტზეც ისაუბრა: „გვაქვს ძალიან ამბიციური შაშხანების პროექტი. ჩვენ, ზოგადად, ნატოს სტანდარტზე უფრო მეტი სიმკაცრით მოვითხოვეთ წარმოების სტანდარტები. შესაბამისად, ამ მიზანს, რა თქმა უნდა, მივაღწევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანებიც და დრონები, როგორც აღვნიშნე უკვე იწარმოება საქართველოში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა