ევროკავშირის ქვეყნებმა COVID-19-ის ვაქცინების 215 მლნ დოზა გაანადგურეს
ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა პანდემიის დროს შეძენილი COVID-19 ვაქცინების სულ მცირე 215 მილიონი დოზა გაანადგურეს, რაც გადასახადის გადამხდელებს 4 მილიარდი ევრო დაუჯდათ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის, პოლონეთის, ლატვიის, ჩეხეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის მთავრობებმა უარი თქვეს ვაქცინის განადგურების მასშტაბის გამჟღავნებაზე, შესაბამისად, გადაყრილი ვაქცინების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია.
Politico 215 მილიონი გადაყრილი ვაქცინის ღირებულებას 4 მილიარდ ევროზე მეტად აფასებს. იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც განადგურებული ვაქცინების მთლიანი რაოდენობა გაამჟღავნეს, გამოცემამ საშუალო შეწონილი ფასი 19,39 ევრო გამოიყენა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი სადავო ვაქცინა შეძენილია 2021 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ევროკავშირმა Pfizer-სა და BioNTech-თან ყველაზე დიდ კონტრაქტს - 1,1 მილიარდი დოზის შესყიდვის შესახებ ხელი მოაწერა. მითუმეტეს, რომ ვაქცინების მიწოდება ევროკავშირში გაგრძელდება, რადგან Pfizer-თან კონტრაქტი ევროპის ქვეყნებს ავალდებულებს, ისინი მინიმუმ 2027 წლამდე შეიძინონ.
მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა შეწყვიტეს ვაქცინების მიღება, Pfizer-მა მათ გადაუხდელობის გამო უჩივლა. რუმინეთში პროკურორებს სურთ გაუქმონ იმუნიტეტი ყოფილ პრემიერსა და ჯანდაცვის ორ ყოფილ მინისტრს. მიზეზი ვაქცინების გადაჭარბებული შესყიდვებია, რის შედეგადაც სახელმწიფოს 1 მილიარდ ევროზე მეტი ზიანი მიადგა.
Politico-ს გამოთვლები 19 ევროპული ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთაგან 15-მა მას პირდაპირ მიაწოდა მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენ ოთხში ვაქცინის გაფუჭების მოცულობა ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა.
წყარო : bpn.ge