111 ორსული ქალი ფიქტიურად გააფორმეს სამსახურში და 111 000 ლარი მიითვისეს - საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 6 პირი.
უწყება ამბობს, რომ ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი - კომპანიის ბუღალტერი.
გამოძიების ცნობით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულებმა ორსული ქალები ფიქტიურად გააფორმეს მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული დახმარება აეღოთ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.