იგეგმება თუ არა საქართველოში შავი ზღვის მოტივტივე ნაღმებისგან გაწმენდა? - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი განაღმვით ოპერაციებს აწარმოებენ
თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შავ ზღვაში მოტივტივე ნაღმების განაღმვით ოპერაციებს აწარმოებენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას სადეპუტატო კითხვიდან ირკვევა.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რა სამუშაოებს ატარებს ამ თვალსაზრისით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, შავ ზღვაზე მოტივტივე ნაღმებთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით გრძელდება კონკრეტული ღონისძიებები და გაზრდილია კოორდინაცია.
„შავ ზღვაზე მოტივტივე ნაღმებთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით გრძელდება კონკრეტული ღონისძიებები, კერძოდ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაზრდილია კოორდინაცია, როგორც სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ნავსადგურების ადმინისტრაციებთან, თევზსაჭერი კომპანიების ხელმძღვანელებთან, მცირე ზომის გემთმფლობელებთან და საზღვაო მოღვაწეობის სხვა სუბიექტებთან.
ამასთან, რეგულარულად ხორციელდება სანაპირო ზოლის, კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურისა და ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საზღვაო სივრცის მონიტორინგი.
დაწყებულია აქტიური კონსულტაციები და დაგეგმილია კონკრეტული პროექტები პარტნიორებთან საქართველოს საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის, ზემოაღნიშნულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით,“- აღნიშნულია შს სამინისტროს წერილში.
ცნობისთვის, თეონა აქუბარდიას სადეპუტატო კითხვიდან ირკვევა, რომ „ნატო-ს წევრი ქვეყნები ასრულებენ მოლაპარაკებებს შავი ზღვის განაღმვითი ერთობლივი ოპერაციის განხორციელების შესახებ. ბულგარეთი, თურქეთი და რუმინეთი ქმნიან ერთობლივ განაღმვით ძალას, რათა მოტივტივე ნაღმების განაღმვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდგომ იყოს შესაძლებელი“.
წყარო : bpn.ge