"2-3 კვირაში მეორე ოპერაცია დასჭირდება..." - 2 წლის ლაზარეს, რომელიც პიტბულმა დაკბინა, 12-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა
2 წლის ლაზარეს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა, ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მას კანის გადანერგვა დასჭირდა, რადგან, როგორც სპეციალისტი ამბობს, თავის ქალის დეფექტი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას დღეს პალატაში გადაიყვანენ და 2-3 კვირაში ახალ ოპერაციას ჩაუტარებენ, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.
"ოპერაცია სასწრაფო იყო, იმიტომ, რომ თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია, გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. ახლა პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ." - აღნიშნავს "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ლაზარეს ძმა ოზურგეთის კლინიკაში მკურნალობს. მას ფეხი აქვს დაზიანებული.