თეგებით ძიება

თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვის გამო, მაღაზიებში დილით ახალი პროდუქტი აღარ იქნება - დისტრიბუტორთა ასოციაცია

მომხმარებლები აუცილებლად შეამჩნევენ მაღაზიებში ახალი პროდუქციის მომლოდინე თაროებს - ასე ეხმაურებიან დისტრიბუტორთა ასოციაციაში დედაქალაქის მერის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სადისტრიბუციო მანქანებს დედაქალაქის კონკრეტულ ქუჩებში დილის 08:00-11:00 საათების შუალედში გადაადგილება აეკრძალებათ.

როგორ ცნობილია, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილება აიკრძალება. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. შეზღუდვა არ შეეხებათ ბეტონმზიდ და ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ავტომობილებს, ასევე გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის, ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.

მერის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ მიღებულ კანონს მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური შედეგები ექნება როგორც მწარმოებლებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

მისი თქმით, სადისტრიბუციო კომპანიათა უდიდესი ნაწილისთვის ეს ცვლილებები საერთოდ არ ყოფილა ახალი ამბავი და თავდაპირველი კომუნიკაცია მერიასა და მათ შორის 24 ნოემბერს შედგა, როდესაც მთავრობა და სადისტრიბუციო კომპანიები საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

„ამ შეხვედრაზე დეტალურად დასახელდა ყველა საკითხი და შემდეგ თბილისის მერიამ გვთხოვა, რომ წერილობით წარგვედგინა საკითხებისა და პრობლემების სია, მაგრამ სამწუხაროდ, დამატებითი კომუნიკაცია აღარ გვქონია.

რაც შეეხება ამ კანონის შედეგებს - პირველ რიგში, ამას ყველაზე მეტად მომხმარებლები იგრძნობენ, როდესაც დილით მაღაზიაში შევლენ და ახალი პროდუქცია, თუნდაც ახალი პური, კვერცხი და რძე არ დახვდებათ თაროებზე, რადგან დისტრიბუტორები პროდუქტთა მიწოდებას 11 საათიდან დაიწყებენ“, - ამბობს ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ასოციაციის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ახალი კანონის გამო, კომპანიებს, კვების ობიექტებსა და მაღაზიებს სრულიად ახალ სისტემაზე გადაწყობა მოუწევთ. სადისტრიბუციო კომპანიები იძულებულნი იქნებიან, რომ ახალი კადრები დაამატონ და საბოლოოდ, ეს ყველაფერი არც საცობებზე აისახება დადებითად.

„ჩვენ აქამდე მერიას შევთავაზეთ დაეთვალა ის მანქანები, რომლებიც დილის საათებში სადისტრიბუციო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი და ეს რიცხვი იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ ადამიანები ფაქტობრივად, ვერ იგრძნობენ გზებზე მცირედ შვებასაც კი, მაგრამ მომხმარებლები აუცილებლად შეამჩნევენ მაღაზიებში ახალი პროდუქციის მომლოდინე თაროებს“, - ამბობს გენერალური მდივანი.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა