საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 33 წელი გავიდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.
ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებითა და უწყებრივი მედლებით - ,,სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი მაზნიაშვილი“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ,,თეთრი გიორგი” დაჯილდოვდნენ. 2023 წლის საუკეთესო ბატალიონს კი, „თეთრი გიორგის გამარჯვების გარდამავალი დროშა“ გადაეცა.
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ეროვნული გვარდია სამხედრო სარიტუალო სამსახურისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიასა და ღონისძიებას ატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.