რომელი დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს დააფინანსებს სრულად სახელმწიფო?
„ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.
„რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე, ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ, 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ,საკმაოდ დიდი წარმატებაა“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.