სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ჩავიდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში, პერევსა და ქარძმანში ჩავიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა. თუმცა, ასეთი მიმოსვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისითაც.
ლევან იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა საოკუპაციო საზღვარს კვეთენ.