სტამბოლში კულტურის საკითხებზე საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის, ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.
კულტურის საკითხებზე საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი კომიტეტის პირველ სხდომას მასპინძლობდა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე გოქჰან იაზგი თურქულ დელეგაციასთან ერთად.
ვიზიტისას განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის განვითარების გზები, კერძოდ, კინოს, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის, საშემსრულებლო და სახვითი ხელოვნებისა თუ სამუზეუმო/საგამოფენო მიმართულებებით.
მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი კინოწარმოებისა და შემოქმედებითი ურთიერთობების შესახებ აუდიოვიზუალურ სფეროში. აგრეთვე, განიხილეს საშემსრულებლო და სახვითი ხელოვნების ინსტიტუტებს, ასევე, მუზეუმებს შორის ურთიერთობების განვითარების, წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე, ლიტერატურულ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობის საკითხები. ქართული და თურქული მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობას მატერიალური და არამატერიალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ერთობლივი სამეცნიერო და სარესტავრაციო კვლევების სფეროში და ასევე ხელს შეუწყობენ გამოცდილების გაცვლასა და ტექნიკურ და ექსპერტულ მხარდაჭერას ამ მიმართულებით.
ინფორმაციისთვის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის განსავითარებლად აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა მიმდინარე წლის 1-3 ნოემბერს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის, გოქჰან იაზგის, ოფიციალური სტუმრობის შემდეგ, რა დროსაც ის შეხვდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს.
საქართველოს მხრიდან საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი კომისიის პირველ სხდომაში ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შორენა ციცაგი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კანცლერი ლალი თარიმანიშვილი, ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის კომისარი მაგდა გურული, სსიპ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ოდიშარია, სსიპ მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე არჩილ ძიძიგური, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ კეთილაძე.
ამ ეტაპზე მხარეები საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში 2024-2028 წლების თანამშრომლობის პროგრამაზე მუშაობენ.