30 ათას სტუდენტს გაუნულდა ვალი და უკვე 5 ათასმა სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით - განათლების მინისტრი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, 30 ათას სტუდენტს გაუნულდა დავალიანება და უკვე 5000-მა სტატუსშეჩერებულმა ახალგაზრდამ ისარგებლა ამ შეთავაზებით.
„სტიპენდია გავაორმაგეთ, იყო 150 ლარი და გავხადეთ 300 ლარი, იღებდა 2500-მდე სტუდენტი და ახლა მიიღებს 5 000 სტუდენტი. იცით, რომ 30 ათას სტუდენტს გაუნულდა ვალი. უკვე 5 ათასმა სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და აღიდგინა სტუდენტის სტატუსი. დანარჩენებს შემდგომ სემესტრებსა და წლებში ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ შეუძლიათ.
იანვრიდან ჩვენს სამინისტროს ემატება კიდევ ერთი მიმართულება, ესაა ახალგაზრდობის მიმართულება. ასე ვთქვათ, ახალგაზრდობის სააგენტო გადმოდის ჩვენთან და ვგეგმავთ მსგავსი ტიპის მხარდამჭერი სერვისებისა და მექანიზმებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის. მინდა დავპირდე მათ, უახლოეს თვეებში ბევრი მსგავსი, საინტერესო სიახლე ელით, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება იყოს გაცილებით უფრო საინტერესო და აკადემიურად დატვირთული, ვიდრე დღესაა“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.