"სინამდვილეში, სუპერ პაკ-ი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამარცხების გეგმა და ასეც იქნება" - არჩილ თალაკვაძე
სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა და ასეც იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ჩამოართვეს პარტია, გავლენები.
„მიხეილ სააკაშვილი იცავს იმას, რაც უკვე აღარ არსებობს. მას ჩამოართვეს პარტია, გავლენები და ამ გავლენების გადანაწილება მიმდინარეობს პარტიულ ჯგუფებს შიგნით და გარედან მათი ჩრდილოვანი დამფინანსებლებით. მან დააანონსა გაერთიანების მანიფესტი და მეტად დაშალა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა დააანონსა სუპერ-პაკი. ჩვენ გვისვამენ კითხვას, რა არის სუპერ პაკ-ი. სინამდვილეში, სუპერ პაკ-ი არის ოპოზიციის და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გეგმა და ასეც იქნება. არ უნდა გამოგვრჩეს, რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ჩამოწერეს თავისმა პატრონებმა და ლობისტებმა. ეს ეტყობა ყველანაირ პროცესს. ახლა დარჩენილი პოლიტიკური კაპიტალის გადაქაჩვის პროცესი მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიციის სხვა სატელიტური პარტიები ყოველდღე ცდილობენ, როგორმე „ნაციონალურ მოძრაობისგან“ დისტანცირება მოახდინონ. ამისთვის არ იშურებენ და არც ერიდებიან თავისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნასაც, რათა მოატყუონ საზოგადოება, თითქოს ცალკე პარტიები არიან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებთ. ეს არის თვალთმაქცობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, „გიორგი გახარიას გუნდს ხომ არ გულისხმობთ“, თალაკვაძემ აღნიშნა:
„ყველას, ვინც ერთი მეორეს მიყოლებით მიხეილ სააკაშვილს ახლა რატომღაც დაუპირისპირდნენ. კარგად ვიცით, მათ სურთ ორი კურდღლის დაჭერა: ერთი, როგორმე ჩამოშორდნენ მიხეილ სააკაშვილს და ხალხი მოატყუონ, თითქოს ცალკე პოლიტიკური ბანაკი არიან და მეორე, კიდევ ერთხელ მოატყუონ საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს პატიმრის გადაყვანაზე გადაწყვეტილებები პოლიტიკური მოლაპარაკებებით მიიღება. ასე არ არის, იუსტიციის სამინისტრო იღებს ამ გადაწყვეტილებას და ამაში პარტიების ჩარევა, მათი განცხადებები ნულოვანი ღირებულების მატარებელია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.