გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში - ირაკლი კობახიძე
გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში. ასეთი პირობებში პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი მიხეილ სააკაშვილისა და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატ, მიხეილ დაუშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც სააკაშვილის „ვივამედიდან“ საპატიმროში გადაყვანის თემას ეხებოდა.
„ფიქრობენ, რომ თუ ერთმანეთს გაემიჯნებიან, პიარული კუთხით ეს წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს, რაც ღიმილის მომგვრელია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში. ამას ხომ საზოგადოება ხედავს?! რომელი პიარული ტრიუკით უნდა გადაფარო ეს?! მათ აქვთ შექმნილი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი „სასამართლო“ სხდომაზე ჩართვა იყო“.
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.