თეგებით ძიება
22. 12. 2023 მსოფლიო

როგორ გამოიყურება კიმ ჩენ ინის შვილი, რომელიც მის სავარაუდო მემკვიდრედ სახელდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავისი ქალიშვილი, კიმ ჩჟუ-ე კორეის სახალხო არმიის საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბში ქვეყნის ავიაციის დღის აღსანიშნავად მიიყვანა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებულ ფოტოებზე ნაჩვენებია, თუ როგორ აკვირდებიან ჩრდილოკორეის ლიდერი და მისი ქალიშვილი საჰაერო აღლუმს. კერძოდ, მამა ტყავის შავ ქურთუკსა და მუქ სათვალეშია, გოგონას კი გრძელი შინდისფერი ტყავის პალტო აცვია ბეწვის საყელოთი და ისიც მზის სათვალეს ატარებს. მის ასაკზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რასაც საგულდაგულოდ მალავენ. სახელდება 10-წლიანი ასაკი, თუმცა ფოტოზე კიმის ქალიშვილი გაცილებით უფროს ასაკში გამოიყურება.

„როცა ამხანაგი კიმ ჩენ ინი თავის საყვარელ ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა, ჰაერი მფრინავებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების მთელი შემადგენლობის აღფრთოვანებული აპლოდისმენტებით გადაიჭედა. ისინი სიხარულითა და მღელვარებით იყვნენ სავსე,“ - წერს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.

ექსპერტების შეფასებით, კიმ ჩენ ინს ასეთ ღონისძიებებზე რეგულარულად დაჰყავს თავისი ქალიშვილი, რომელიც სამხედრო საქმეებითა და პოლიტიკით ნამდვილად დაინტერესებულია. თავად კიმიც ამ ასაკში თვითმფრინავების მოდელირებითა და ტექნიკური დიზაინით იყო დაინტერესებული.

„გოგონა კორეის ყველა ბავშვის, ფართო გაგებით კი ქვეყნის მომავლის სიმბოლიზირებაა,“ - განმარტავენ ექსპერტები.

თებერვლის ბოლოს სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრ კვონ იონ სემ CBS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინის ქალიშვილის მემკვიდრედ განხილვა ნაადრევია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, ჰყავს თუ არა კიმ ჩენ ინს სხვა მემკვიდრეები. ადრე მედია 2010 ან 2011 და 2017 წელს დაბადებულ კიდევ ორ შვილზე მიუთითებდა.

ჩრდილოეთ კორეის მედიაში კიმ ჩჟუ-ეს მამის „ძვირფას“ ან „საყვარელ“ ქალიშვილად მოიხსენიებენ. უცნობია ისიც, არის თუ არა ეს გოგონას ნამდვილი სახელი, რაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არასდროს დაუდასტურებია.

მანამდე კიმ ჩჟუ-ე საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში, მათ შორის, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, Hwasong-17-ის გაშვებასა და სამხედრო აღლუმს დაესწრო, ასევე, მან ფხენიანში ქუჩის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა