თეგებით ძიება

5 შვილის დედას, რომელმაც საფრანგეთში მოძალადე ქმარი მოკლა, ფსიქოლოგიური ექსპერტია ჩაუტარდება

5 შვილის დედა, მუდმივი ძალადობის ქვეშ მყოფი ქართველი ქალი საფრანგეთის სასამართლოს განაჩენს ელოდება. ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ელის, თუმცა თუ დამტკიცდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, ლანა ხუნწარიას ბრალი, შესაძლოა, გადაუკვალიფიცირდეს. კვალიფიციური ადვოკატის დასაქირავებლად ქართველი ემიგრანტები უკვე ფულს აგროვებენ. ქალს ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც უნდა ჩაუტარდეს.

ძალადობა, მუდმივი ჩხუბი და ბავშვების ტირილის ხმა - ამ ყველაფრის მოწმე ბევრია. საფრანგეთის ქალაქ ტულონში მომხდარი მკვლელობის შესახებ უკვე ინფორმირებულია ქალთა არა ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია. სასამართლოში ჩვენების მიცემას გეგმავენ საფრანგეთში მცხოვრები ის ქართველებიც, რომლებიც ოჯახს პირადად იცნობდნენ. ყველა ადასტურებს, რომ 28 წლის ახალგაზრდა ქალი ქმრის მხრიდან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ქალთა უფლებადამცველი, საფრანგეთში მცხოვრები ნინო ბაისონაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ვარაუდობს, რომ 28 წლის ლანა ხუნწარიას შეიძლება ბრალი გადაუკვალიფიცირდეს. ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი წლების განმავლობაში მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. არსებობს ვერსია, რომ ხუთი შვილის დედა შემთხვევის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამ პოზიციას ამყარებენ ქალაქ ტულონში მცხოვრები ის ქართველებიც, რომლებიც მზად არიან ლანა ხუნწარიას სასარგებლოდ სასამართლოში ჩვენებები მისცენ.

"კურიერი" დღეს ლანა ხუნწარიას დედასაც ესაუბრა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო და მეუღლეს განზრახ ვერ მოკლავდა.

დანაშაულს, სავარაუდოდ, წინ უძღოდა ლანა ხუნწარიას მიმართ მორიგი ძალადობა. სახლიდან ჩხუბის და ბავშვების ტირილის ხმა მეზობლებმაც გაიგეს. სწორედ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოიძახეს პოლიციაც, რომელსაც 32 წლის მარად სურმანიძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სახლში ახალგაზრდა ქალი ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ ლანა ხუნწარია საპატიმროში, ბავშვები კი თავშესაფარში გადაიყვანა.

საფრანგეთში ლანა ხუნწარიას მიმართ ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მას შემდეგ შეწყდა რაც, სავარაუდოდ, ქმრის ზეწოლით ქალმა საჩივარი უკან გაიტანა. ის, რომ ხუთი შვილის დედა სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამას საქართველოში მყოფი მისი ახლობლებიც ადასტურებენ.

ლანა ხუნწარიას ინტერესების დასაცავად ემიგრანტებმა უკვე შეარჩიეს პროფესიონალი ადვოკატი. ინფორმაცია მიაწოდეს უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც, რადგან ფრანგული კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მკვლელობა მკაცრად ისჯება და გარკვეულ შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე საფრანგეთში145 მკვლელობა მოხდა, მოკლულებს შორის 118 ქალი და 27 მამაკაცია.

რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა