თეგებით ძიება

როგორ ვაიძულოთ ადამიანი, რომ გააკეთოს ის, რაც ჩვენ გვსურს ? კარნეგის საიდუმლო

მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკელი მეწარმეს, უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელს და მულტიმილიონერ ენდრიუ კარნეგს ადამიანების მართვის საოცარი ნიჭი ჰქონდა, რაზედაც ერთი კურიოზული შემთხვევაც მეტყველებს.

კარნეგის ცოლისდა ხშირად ჩიოდა, რომ კოლეჯში სასწავლებლად წასული შვილები წერილებს არ უგზავნიდნენ და არც მის წერილებს პასუხობდნენ.

კარნეგმა ქალთან ნაძლევი დადო, რომ ძმები მის წერილს პირველივე ფოსტით უპასუხებდნენ, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არ სთხოვდა და ნაძლევი მოიგო.

როგორც გაირკვა, მეწარმემ უყურადღებო ძმებს მოკლე წერილი მიწერა, სადაც ბიჭები მოიკითხა და სწავლაში წარმატებები უსურვა. პოსტსკრიპტში კი, თითქოს სხვათა შორის დაამატა: „წერილთან ერთად ვაგზავნი ხუთ დოლარს.“ 5 დოლარი იმ დროისთვის მნიშვნელოვანი თანხა იყო, თუმცა მეწარმეს არცერთ კონვერტში ფული არ ჩაუდვია.

როგორც მიხვდით, კარნეგმა ძმების პასუხი პირველივე ფოსტით მიიღო. ბიჭებმა ყურადღებიან ნათესავს მოკითხვისთვის მადლობა გადაუხადეს და კოლეჯში სწავლის შესახებ უამბეს. რა თქმა უნდა, არც იმის აღნიშვნა დავიწყებიათ, რომ კონვერტში ფული ვერ ნახეს.

ასე რომ, თუ ადამიანისგან რაიმეს მიღება გსურთ, ეცადეთ იმაზე იფიქროთ, რაც უნდა მას და არა თქვენ - სწორედ ამაში მდგომარეობს ენდრიუ კარნეგის საიდუმლოს არსი.

ენდრიუ კარნეგი 1835 წელს, შოტლანდიაში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

კარნეგი თავდაპირველად, საფეიქრო ფაბრიკის მეთვალყურედ მუშაობდა, მოგვიანებით - სატელეგრაფო კომპანიაში დასაქმდა. შემდეგ პიტსბურგში საკუთარი კომპანია Carnegie Steel Company დააარსა, რომელიც შემდეგ სხვა ფირმებსა და კომპანიებთან გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კომპანია U.S. Steel.

სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში კარნეგმა ქველმოქმედებას 350 მილიონი დოლარი ანუ საკუთარი ქონების 90% მოახმარა.

მან უამრავი ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტი გახსნა და ნიუ-იორკის ცნობილი საკონცერტო დარბაზის, კარნეგი-ჰოლის (Carnegie Hall) მშენებლობა დააფინანსა. ამასთან, კარნეგი რამდენიმე წიგნის ავტორია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა