ვინ და რატომ გაანადგურა პრინცესა დიანას პირადი ნივთები?
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც 1997 წლის 31 აგვისტოში პარიზში, პონტ დ’ ალმას ხიდის ქვეშ მოხდა, მთელი მსოფლიოსთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. იმას, რომ უელსის პრინცესას სიცოცხლე 36 წლის ასაკში შეწყდებოდა, ვერც უინძორები და ვერც სამეფო ოჯახის გულშემატკივრები ვერ წარმოიდგენდნენ და ამას ბუკინგემის სასახლის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი მოჰყვა.
იმ დროს დიანა და ჩარლზი განქორწინებულები იყვნენ და პრინცესა სამეფო ოჯახის წევრად ოფიციალურად აღარ ითვლებოდა, მას ტიტულიც აღარ ჰქონდა. მაგრამ მისმა სიკვდილმა არა მხოლოდ ბრიტანული საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა.
სამეფო ოჯახმა შოკიდან გამოსვლა დიდხანს ვერ შეძლო და ვერ გადაწყვიტა, პრინცის მეუღლეს და მომავალი მეფის დედას როგორ დამშვიდობებოდა.
ელისაბედ მეორეს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, როდესაც ყოფილი რძლის გარდაცვალების გამო სამძიმარი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ გამოხატა. 1997 წლის სექტემბერში, ბრიტანული channel 4 იუწყებოდა, რომ დედოფალს დიანას დაკრძალვა დიდი ბრიტანეთის რიგით მოქალაქესავით სურდა - დაკრძალვის პომპეზური ცერემონია პრინც ჩარლზის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი იყო.
პრინცესას ხსოვნის პატივსაცემად, გადაწყდა მისი დაკრძალვა ყველაზე განმარტოებულ ადგილზე. ლედი დის უკანასკნელი ნავსაყუდელი სპენსერების საგვარეულო მამულში მდებარე ტბაში, პატარა კუნძულზე შეარჩიეს და გაძლიერებული დაცვა მიუჩინეს.
სპენსერებს დიანას ხსოვნასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც აღელვებდათ. პრინცესას დები - ლედი სარა და ლედი ჯეინი თან ახლდნენ პრინც ჩარლზს, რომელიც სასწრაფოდ საფრანგეთში, ტრაგედიის ადგილზე გაემგზავრა და პრინცესას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენა.
დაკრძალვის შემდეგ, პრინცესას ნივთებზე მეთვალყურეობა და მათი დახარისხება მის ყოფილ მსახურთუხუცესს და უახლოეს მეგობარს პოლ ბარელს დაევალა. სარამ და ჯეინმა სწორედ მას სთხოვეს დის ზოგიერთი პირადი ნივთის განადგურება, რომელიც, მათი აზრით, პრინცესას ხსოვნაზე უარყოფითად აისახებოდა.
BBC -ის ცნობით, დიანას დების თხოვნით პოლ ბარელმა პრინცესას საცვლები, თეთრეული, წინდები, საცურაო კოსტიუმები და სპორტული ტანსაცმელი გაანადგურა. პრინცესას ახლობლებს არ სურდათ, რომ ეს ნივთები ფეტიშისტების ხელში ჩავარდნილიყო და პრინცესას ხსოვნა შეელახა.
ბარელს 300 ყველაზე ინტიმური ნივთის განადგურება დაევალა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ მსახურთუხუცესმა ზოგიერთი მთგანი მოიპარა. ბატლერმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ყველა ნივთი პრინცესამ დაუტოვა.
რომ არა საქმეში დედოფლის - ელისაბედ მეორის ჩართვა და სასამართლოში ჩვენების მიცემა, ბარელს პატიმრობა არ ასცდებოდა. მონარქები, როგორც წესი, სასამართლოში ჩვენებას არ იძლევიან, თუმცა დედოფალმა ერთგული მსახურისთვის გამონაკლისი დაუშვა. მისმა უდიდებულესობამ საზოგადოებას განუცხადა, რომ პოლს სრულიად ენდობოდა და ეს საკმარისი იყო, რომ ერთგული მსახური უსიამოვნო სიტუაციიდან გამოეყვანა.
პოლ ბარელი პრინცი ჩარლზისა და დაიანას დაქორწინებამდე 10 წელი ბუქინგემის სასახლეში, დედოფალთან მუშაობდა. შემდეგ ის დაიანას მსახურთუხუცესი და მისი ახლო მეგობარი გახდა. პრინცესას განქორწინების შემდეგ ის დედოფალთან აღარ დაბრუნებულა და პრინცესასთან ქენსინგტონის სასახლეში მსახურთუხუცესად დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, ვისაც დაიანა ნამდვილად ენდობოდა.