"ბიძინა და მიშა სიამის ტყუპები არიან... ერთი გისოსებს მიღმაა და მეორე შუშის ციხეში ზის" - გია ხუხაშვილი
მთელი წლის განმავლობაში ვუყურებდით ხელისუფლების სვლას კონსტიტუციური მოთხოვნის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება“ ამ წელსაც ნეგატიური დღის წესრიგით წარმართავს და ეცდება, მოწინააღმდეგის ფლანგზე ტიტანიკი ააგოს, მოწინააღმდეგის დემონიზაცია მოახდინოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წელს, საქართველომ პოლიტიკურად არათუ წინ ვერ წაიწია, არამედ პოლიტიკური პროცესი დეგრადირდა.
"მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ხელისუფლების სვლას კონსტიტუციური მოთხოვნის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ხელისუფლება სპეკულაციურად ბრალს სდებდა დასავლეთს, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდათ; რომ მათ არავინ ეკითხებათ, ჩვენ რას გავაკეთებთ და ამას ურაპატრიოტული ლოზუნგების ქვეშ აკეთებდა. რუსეთთან მიმართებით კოლაბორაციონისტულ ზღვარზე იარა ქვეყანამ და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ეს იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ოპოზიციაც საკმაოდ აგრესიული იყო. ბრალდებები იქით მხრიდანაც ისმოდა, ამიტომ ფაქტობრივად, პოლიტიკურად არათუ წინ ვერ წავიწიეთ, პოლიტიკური პროცესის სრული დეგრადაცია მოხდა ამ წლის განმავლობაში. ეს აისახა კვლევებშიც. როდესაც ამომრჩევლის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, დელეგიტიმიზირებულია. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ერთად, მთელი პოლიტიკური ელიტა მოდის ხელისუფლებაში, ყველა ერთადაც კი ვერ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს, რადგან ამომრჩეველს არცერთი მათგანი არ უნდა. ეს სერიოზული ნეგატივია. ასეთი მდგომარეობა უახლოეს ისტორიაში არ მახსოვს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება შეეცდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თემა დღის წესრიგში დატოვოს.
"არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამ ნეგატიურ დღის წესრიგს შეცვლის. კი საუბრობენ, 9 პუნქტს შევასრულებთო, ასევე, საუბრობენ მორიგებასა და კონსენსუსზე, მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბეა. ხელისუფლებამ ამ წელსაც ნეგატიური დღის წესრიგით წარმართავს და ეცდება, მოწინააღმდეგის ფლანგზე ტიტანიკი ააგოს; დემონიზაცია მოახდინოს მოწინააღმდეგის, ტიტანიკი ისევ "ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ააგოს, რაც სრული აბსურდია. "ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის არ არსებობს, მაგრამ ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, ყველანაირად შეეცდებიან, ეს დღის წესრიგში დატოვონ. იმიტომ ააქტიურებენ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოდან - ინტერვიუები, ჩართვები, მიშას საავადმყოფოში ტრიბუნა შეუქმნეს, რომ მაქსიმალურად გამოჩნდეს და იაქტიუროს, რითაც თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებენ, რაც მიშას ინტერესებშიცაა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აგებს, რაც კვლევებში ჩანს.
"ფეხბურთს და კალათბურთს ვერ შევადარებდი ამ თამაშს [ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის]. ვფიქრობ, ორივე აგებს. ეს კვლევებშიც ჩანს. მოგება ნიშნავს, რომ შენ მეტი ადამიანი გიჭერს მხარს - პოლიტიკაში ხომ ასეა?! რომ ამბობენ, გავერთიანდეთ, ერთად დავსხდეთო, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დასხდებით, თუ ხალხთან კომუნიკაცია არ გექნებათ? ბევრი სუსტი არ ნიშნავს, რომ ძალის დემონსტრირება მოხდება. თუ პარტიის უკან ხალხი არ დგას, იმ პარტიის ფასი კაპიკია. რა არის პროცესის კომპონენტები - პოზიტივიც და ნეგატივიც. არ ვამბობ, ხელისუფლებას თავი დაანებონ-მეთქი. ვამბობ მარტივ რაღაცას, რომ ნებისმიერ კამპანიაში პროპორცია არის 70/30 პოზიტივისა და ნეგატივს შორის. ადამიანს, უპირველესად აინტერესებს, როგორ გადაწყვეტ პრობლემებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ბუნებრივია, უნდა უთხრა, რომ იმ ხელისუფლებაზე უკეთესი ხარ. შესაბამისად მის ნაკლოვანებაზე უნდა ისაუბრო“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით "ქართული ოცნება“ ცდილობს, "ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის სპეცოპერაცია ჩაატაროს“. ხუხაშვილი ამბობს, რომ "ეს კარგად ჩანს და ორი აზრი არ არსებობს“.
მისი თქმით, "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი სიმბიოზია და ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ“.
"მიშა არის ხელისუფლების უნივერსალური ჯარისკაცი. არსებობენ ბუნებრივი ანტაგონისტი სიმბიოზები. მაგალითად, ბუ და გველი - ბუს ბუდეში ცხოვრობს გველი. ბუ, წესით, გველს უნდა კლავდეს და თავის ბარტყებს უნდა იცავდეს, მაგრამ პირიქითაა. მის ბარტყებს აწუხებს მწერები, რომელსაც ანადგურებს გველი, ამიტომ აცხოვრებს თავის ბუდეში. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გველი მის ბუდეში ცხოვრობდეს. ასე არიან ბიძინა და მიშაც. ბიძინა და მიშა სიამის ტყუპები არიან, ვერ გაყოფ. მიშა რომ ცუდადაა, ბიძინაც ცუდადაა და პირიქით. ორივე ერთად არიან ბედნიერად. ორივე პატიმარია, რაც მთავარია. ერთი გისოსებს მიღმაა და მეორე შუშის ციხეში ზის, რა მნიშვნელობა აქვს ციხე შუშის იქნება თუ რკინის? ოქროს გალია ხომ მაინც გალიაა?“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.