თეგებით ძიება

რა უნდა გავაკეთოთ დრაკონის გულის მოსაგებად 2024 წელს ?

მხოლოდ ერთი კვირა დარჩა ახალი წლის დადგომამდე, როცა წყლის ლურჯი კურდღელი ესტაფეტას ხის მწვანე დრაკონს გადასცემს. საინტერესოა, რას მოგვიტანს 2024 წელი, რა უნდა გავაკეთოთ დრაკონის გულის მოსაგებად და მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. 

აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი 2024 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება, მისი მფარველი კი, ჩინური ზოდიაქოს ყველაზე მისტიკური ნიშანი - დრაკონი იქნება, რომელიც ერთის მხრივ, საიმპერატორო ძალაუფლებას, მეორეს მხრივ, სიმტკიცეს, სიძლიერეს, სიმდიდრეს სიმბოლიზირებს და მამაკაცურ ენერგიას - იანს, სითამამესა და გამბედაობას, შეუპოვრობასა და ბრძოლის უნარს განასახიერებს. 

აღსანიშნავია, რომ დრაკონის სტიქია ხე - ზრდასა და განვითარებასთან, მწვანე ფერი - პოზიტივთან, ბუნების ყვავილობასთან და ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება, 2024-ის ჯამი კი 8-ს უდრის, რომელიც არა მხოლოდ მარადიულობის, არამედ, პრაქტიკულობის და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდაც ითვლება. 

მომავალ წელს ყველა საკუთარ თავზე გამოცდის დრაკონის გავლენას, რადგან მისი ძალაუფლება ყველა სფეროზე გავრცელდება. ნებისმიერი შეძლებს გახდეს იმ მასშტაბური ცვლილებების მონაწილე, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან სამყაროს. ამასთანავე, ყველას მიეცემა პოპულარობისა და კეთილდღეობის მოპოვების შანსი, რადგან ხელგაშლილი დრაკონი ყველას უხვად გაუნაწილებს სიხარულსა და ბედნიერებას.

მომავალი წლის მოკლე პროგნოზი

მართალია, წლის დასაწყისში ადამიანები მეტწილად პოზიტიურად და ოპტიმისტურად განეწყობიან, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ წლის მმართველი ძალას მოიკრებს და ბოლომდე გააცნობიერებს საკუთარ ძალაუფლებას. მარტი - ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, პოზიტიური ცვლილებების და უკეთესი მომავლის იმედის თვე იქნება, როცა ადამიანები „ვარდისფერ სათვალეს“ მოირგებენ და ყველა წყენას, უსიამოვნებას აპატიებენ ერთმანეთს, შეყვარებულებს რომანტიკა გაულამაზებთ ურთიერთობას, ბიზნესმენები კი, მსხვილბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებას შეუდგებიან.  

ბევრად რთული იქნება ოქტომბრისა და ნოემბრის თვეები, როცა ადამიანების უმეტესობა ენთუზიაზმს დაკარგავს, მუდმივი ცვლილებები და ცხოვრების სწრაფი ტემპი კი, მათი ფსიქიკის სიმტკიცეს გამოცდის. შრომატევადი სამუშაო, დაძაბული ურთიერთობა პარტნიორებთან და გადაუჭრელი ფინანსური პრობლემები - სწორედ ამგვარი სირთულეების დაძლევა მოუწევთ ადამიანებს, რასაც ბევრი ვერ შეძლებს, უბრალოდ „დაიფშვნება“ და ხელის ჩაქნევით ყველაფრისგან გაქცევას გადაწყვეტს, თუმცა, არ ღირს სასოწარკვეთა, უმჯობესია დროებით უკან დაიხიოთ, მცირე პაუზით ისარგებლოთ და განსაკუთრებულ მწვერვალებს თუ ვერ დაიპყრობთ, ის მაინც შეინარჩუნოთ, რაც მანამდე მოიპოვეთ.  

ძველი წლის გაცილება

მართალია, ბევრი მხოლოდ 31 დეკემბერს აქტიურდება, მაგრამ სინამდვილეში ახალი  წლისთვის მზადება, ბევრად ადრე, ძველი წლის გაცილებით და რამდენიმე სავალდებულო რიტუალის შესრულებით იწყება, რათა ახალ ცხოვრებაში არ გაგვყვეს ძველი წყენა, დარდი და უიღბლობა.  

პირველ რიგში, აუცილებელია დაზიანებული ნივთების გადაყრა, სახლის დალაგება და გულდასმით გამოგვა, რათა გაწმინდოთ ძველი ნეგატიური ენერგიისგან და გაათავისუფლოთ ახალი პოზიტიური ენერგიისთვის. ამასთანავე, გაითვალისწინეთ,  რომ ცოცხი აუცილებლად კარიდან კარამდე უნდა მოუსვათ, რათა ზღურბლიდან გაიტანოთ ნეგატივი და უკან აღარ დააბრუნოთ. თუმცა, არ ღირს სახლის დალაგება 31 დეკემბერს, ისე, როგორც არ შეიძლება სარეცხის დარეცხვა, კერვა ან თუნდაც ღილის მიკერება. უმჯობესია „სამეურნეო სამუშაოები“ რამდენიმე დღით ადრე მოათავოთ.  

ბევრს შესაძლოა ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ მართლაც მნიშვნელოვანია ძველი წყენისგან გათავისუფლება და ბრაზის წარსულში დატოვება, რადგან სახლის გაწმენდასთან ერთად, მისი პატრონიც უნდა „გასუფთავდეს“. დაივიწყეთ უსიამოვნებები, აპატიეთ შეცდომები ახლობლებს და მათაც ბოდიში მოუხადეთ, ვისაც თვლით, რომ თვითონ აქვს ბოდიში მოსახდელი. ამასთანავე, კარგი იქნება თუ ყველა ვალს ახალ წლამდე გაისტუმრებთ და ბევრად უკეთესი, თუ საკუთარ ვალებსაც დაიბრუნებთ. 

დრაკონის მასპინძლობა

მედიდურ დრაკონს, რომელსაც ყველაფერი ორიგინალური და ძვირადღირებული მოსწონს, დახვედრაც შესაფერისი უნდა მოუწყოთ, რადგან მართალია, უკმაყოფილებას არ გამოხატავს, მაგრამ არც დახმარებით შეიწუხებს თავს, ასე რომ, ისევ თქვენს ინტერესებშია გრანდიოზული დღესასწაულის მოწყობა. 

დეკორი - სადღესასწაულო დეკორში წითელი ფერი დომინირებს, რომელსაც ჩინელები ბედნიერების, კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამასთანავე, კარგი იქნება თუ ინტერიერს ფერადი გირლანდით და დრაკონის ფიგურებით, ორქიდეით და მანდარინის ხით მორთავთ, რომელიც წარმატების მოზიდვაში დაგეხმარებათ. უმჯობესია, უარი თქვათ ხელოვნურ ნაძვის ხეზე, ტრადიციული ფიფქები და ბაფთები კი, დრაკონის ფიგურებით ჩაანაცვლოთ. თუმცა არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება, ავეჯის გადაადგილება და ერთიანად ყველაფრის გადაწითლება, რადგან დრაკონს ზომიერება და სტაბილურობა უყვარს ზედმეტი ფაციფუცის გარეშე.  

ფოიერვერკი და წითელი ფარნები - ფოიერვერკი - ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული რიტუალია და ჩვეულებრივ, ბოროტი ძალების განდევნას ემსახურება, თუმცა წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება ცეცხლოვანი დრაკონის შესახვედრად, ისე, როგორც  წითელი ფარნები, რომლებიც 12 საათის შემდეგ სურვილის ჩაფიქრებით უნდა გაუშვათ, რადგან ჩინური ტრადიციით  სწორედ ცეცხლი და კაშკაშა წითელი ფერი განდევნის ბოროტ ძალებს, თუმცა არც ენერგიული მუსიკა უნდა დაივიწყოთ. მეტიც, რაც უფრო ხმამაღალი იქნება მუსიკა, მით უფრო საიმედოდ დააფრთხობთ ავ სულებს და გაუთავისუფლებთ დრაკონს გზას თქვენი სახლისკენ.

კერძები - სადღესასწაულო ვახშამი აუცილებლად უხვი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. შეარჩიეთ თეთრი სუფრა ოქროსფერი ორნამენტით, რომელსაც პირველ რიგში რვა მანდარინით დაამშვენებთ, რადგან  სწორედ „რვიანია“ წლის მთავარი რიცხვი. მართალია, მტაცებელი დრაკონი ნებისმიერ „მონადირებულ“ ცხოველს გემრიელად შეექცევა, მაგრამ განსაკუთრებით თევზი და ზღვის პროდუქტი ხიბლავს. ამასთანავე, კარგი იქნება თუ სადღესასწაულო ვახშამს მთლიანი შემწვარი გოჭით შეავსებთ, რომელსაც მხოლოდ ახალი წლის დადგომის შემდეგ დაჭრით. 

შეეცადეთ კერძები არა მოძველებული, არამედ ახალი, ორიგინალური რეცეპტით და რაც მთავარია, პოზიტიური განწყობით მოამზადოთ, რომელსაც ახალი წლის დღეებშიც შეინარჩუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლოვან დრაკონს ძალიან უყვარს ცხარე კერძები, ამიტომ გაანებივრეთ წიწაკით და სუნელებით შენელებული პიკანტური სოუსებით, სადღესასწაულო მენიუს კულმინაციად კი, ცომითა და ხორცით მომზადებული კერძი აქციეთ, რომელშიც მონეტას დამალავთ, რადგან ისევ ჩინური ტრადიციის გათვალისწინებით, სწორედ მას უწყალობებს დრაკონი მთელი წლის მანძილზე, ვინც მონეტას იპოვის. გაითვალისწინეთ, რომ ხილი სადღესასწაულო მენიუში არა უბრალოდ დესერტი, არამედ „ნაყოფიერების კოდია“, ამიტომ მოიმარაგეთ ფორთოხალი, რომელიც ბარაქის, თურიჯნი (პომელო) - ოჯახის სიმტკიცის და  მსხალი, რომელიც ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.

სადღესასწაულო გარდერობი - სადღესასწაულო წვეულებას ყველაზე მეტად წითელი, თეთრი და ვერცხლისფერი, ატლასის ან სხვა მბრწყინავი ქსოვილის სამოსი მოუხდება აღმოსავლური ელემენტებით და ამავე ფერის აქსესუარებით. მართალია, წლის მფარველი მწვანე ფერისაა, მაგრამ მაინც არ ღირს დღესასწაულზე მწვანე და ლურჯი ფერების მორგება. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ სამკაული აუცილებლად უხვად უნდა იყოს ინკრუსტირებული ძვირფასი ქვებით. 

ძვირფასი ქვები - წლის თილისმა - ძვირფას ქვებსა და მინერალებს განსაკუთრებული ენერგია აქვთ, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში არა მხოლოდ იღბალსა და წარმატებას მოიზიდავთ, არამედ ბოროტებისგანაც დაიცავთ თავს. სწორედ ასეთი „ჯადოსნური ქვაა“ მალაქიტი, რომელიც ბუნების ენერგიას განასახიერებს და საკუთარ თავზე ნეგატიური ენერგიის აღებით დაგიცავთ ავი თვალისგან. გარდა ამისა, მალაქიტს შემოქმედებითი, მიზანდასახული ადამიანები უყვარს, რომელთაც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას მატებს, თუმცა, დრაკონის წელს მალაქიტი არა მხოლოდ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში, არამედ სიყვარულის მოძიებაშიც დაგეხმარებათ, რადგან სწორედ ის მფარველობს სიყვარულსა და ერთგულებას. საფირონი, რომელიც სიკეთის სიმბოლოდ ითვლება, შურისგან, აგრესიისგან დაგიცავთ და არა მხოლოდ სიმშვიდეს და მოთმინებას შეგმატებთ, არამედ საკუთარი ნეგატივის დაძლევასა და საუკეთესო თვისებების წინა პლანზე წამოწევაშიც დაგეხმარებათ, ამეთვისტო კი, რომელიც ენერგეტიკულად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვად ითვლება, ინტუიციას გაგივითარებთ, გონებას „გაგისუფთავებთ“ და ზედმეტი განცდებისგან გაგათავისუფლებთ.

რიტუალები

საახალწლო რიტუალები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, დღეს დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია და პირველ რიგში მათთვისაა საინტერესო, ვისაც არა უბრალოდ ახალი წლის სწორად შეხვედრა, არამედ დიდი ხნის ოცნების ასრულება და კეთილდღეობის მთელი წლით დაბევება უნდა. 

ფინანსური რიტუალები – პირველ რიგში, ჩაუდეთ ოჯახის ყველა წევრს საფულეში მსხვილი კუპიურა, რომლის შენახვა მართალია, მთელი 21 დღე მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს დაწვრილმანება, რადგან რასაც დრაკონისთვის გაიმეტებთ, იმასვე დაიბრუნებთ. ბარაქის მომტანი იქნება კუპიურების სადღესასწაულო სუფრაზე, ყველა თეფშის ქვეშ დადება და წითელ სასაჩუქრე წინდაში ჩადება, რამაც წესით მთელი წელი სტაბილური შემოსავლით უნდა უზრუნველგყოთ. თუმცა, არც ჩვეულებრივი წითელი წინდის ამოცმა იქნება ურიგო, რომელზეც არა ტრადიციული სანტა-კლაუსი, არამედ დრაკონი იქნება გამოსახული.  

ახალ ნაძვის ხეს თუ ვერ შეიძენთ, ეცადეთ  ტოტები მაინც მოიმარაგოთ, რომელთაც ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოებით, კანფეტებით, მსხვილი კუპიურებით და ვერცხლის ქაღალდში (იგივე ფოლგაში) გახვეული მონეტებით დაამშვენებთ. 

სასიყვარულო რიტუალები - ოჯახურ იდილიას და კეთილდღეობას ახალი წლის ღამეს დანთებული შვიდი მწვანე სანთელი მოგიტანთ, მან, ვისაც მომავალ წელს სიყვარულის პოვნა უნდა, აუცილებლად წითელი გულის ფორმის სათამაშოებით უნდა მორთოს ნაძვის ხე,  გოგონამ კი, რომელიც გათხოვებას ნატრობს, შვიდ ბავშვს უნდა გაუკეთოს საჩუქარი, თუმცა რიტუალი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ბავშვები არა ახლობლები, არამედ უცნობები იქნებიან. ამასთანავე, ამბობენ, თითქოს ის, ვინც გზაში შეხვდება ახალ წელს, მალე საკუთარ ბედსაც შეხვდება, წარმატება ელის სიყვარულში მასაც, ვისაც პირველ იანვარს ქუჩაში ძაღლი შეხვდება. 

რიტუალები წარმატების მოსაზიდად - ქაღალდზე სურვილების ჩამოწერის, დაწვისა და ფერფლის შამპანურთან ერთად მირთმევის რიტუალი, სანამ საათი 12-ს ჩამოჰკრავს - ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც აქტუალური იქნება, მით უფრო, რომ გამოცდილი ადამიანები ირწმუნებიან, თითქოს რიტუალი მართლაც ამართლებს, უბრალოდ ყველა პირობის შესრულებაა ძალიან რთული. ამასთანავე, ამბობენ, თითქოს მომავალი წელი მისთვის იქნება ყველაზე იღბლიანი, ვის ბოკალსაც შამპანურის ბოლო წვეთი შეავსებს, ბედნიერებას კი, ის ოჯახი დაიბევებს, ვისაც პირველ იანვარს მეკვლედ შეძლებული და საჩუქრებით დახუნძლული მამაკაცი ესტუმრება. 

უიღბლობის გასტუმრების და წარმატების სახლში მოპატიჟების საუკეთესო საშუალება - სახლის ყველა ფანჯრის გაღებაა ზუსტად 12 საათზე, მომავალი წლის მთავარი თილისმა კი, რა თქმა უნდა, ხის დრაკონის ფიგურა და ძვირფასი სამკაული - დრაკონის ბროში ან კულონი იქნება, რომელიც უხვად აგავსებთ ბარაქით. 

წყარო : Imedi News


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა