თეგებით ძიება

ბინის ქირა 20-30%-ით გაიაფდა, რატომ არ იაფდება გასაყიდი ბინები ?

„2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ბინების ფასის მატება გამოიწვია არა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივმა შემოსვლამ, არამედ ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნის გაზრდამ“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“ მშენებლობის მართვის განვითარების ცენტრისა და სამშენებლო კომპანია „ნიუჰაუსის“ დამფუძნებელმა, კობა ქათამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე გავრცელებული ტენდენციაა ბინების ყიდვა და შემდგომ მათი უცხოელებზე გაქირავება, რადგან ადამიანები ბანკებს არ ენდობიან და თავიანთ თანხებს უძრავ ქონებაში აბანდებენ.

„2008 წლიდან 2023 წლამდე, 350 000 ადამიანი დაზარალდა თაღლითობის გამო, როდესაც თაღლითურმა კომპანიებმა ადამიანებზე ჰაერი და არარსებული ბინები გაყიდეს. მინდა გითხრათ, რომ ეს მაჩვენებელი წელს ფაქტობრივად, 0-ის ტოლია, ვინაიდან დაწესდა ახალი რეგულაციები, რომლებიც თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ მშენებლობის პროცესს“, - განაცხადა კობა ქათამაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“.

„ნიუჰაუსის დამფუძნებელი“ ასევე განმარტავს, რომ სამშენებლო მასალები ძალიან გაძვირებულია, ვინაიდან მთავარი მომწოდებელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, უკრაინა იყო, ახლა კი მასალები თურქეთიდან და ირანიდან შემოაქვთ. აქედან გამომდინარე, კომპანიებს ფასის მაღლა აწევა უწევთ. ასევე ქათამაძე უმნიშვნელოვანეს პრობლემად, მიწის მაღალ ფასს ასახელებს, რის გამოც, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები ვერ ახერხებენ ბინების ფასის დაბლა დაწევას.

„მიგრანტებმა გადინება დაიწყეს და ბინის ქირა 20-30%-ით გაიაფდა, მაგრამ მიწის ნაკვეთების ფასი კვადრატულზე 350-400 დოლარია, რის გამოც ძალიან ჭირს ბინების ფასის დაწევა. ეკონომ-კლასში ერთი კვადრატულის ფასი შეგვიძლია 600-650 დოლარის ფარგლებში „დავიჭიროთ“, რომ არა ის აცდენა, რაც მიწის ფასთან გვაქვს. ჩვენც გვიჭირს 800-900-1000-დოლარიანი ბინების გაყიდვა“, - აღნიშნავს კობა ქათამაძე „პალიტრანიუსთან“.

„მშენებლობის მართვის განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ 2024 წლიდან, სრულად გაკონტროლდება მშენებარე ბინების ხარისხი, სახანძრო უსაფრთხოება, გარაჟები, გამწვანება, გეოლოგიური საექსპერტო დასკვნები და შემოწმებული იქნება შენობების ყველა სართული, ჩაბარებამდე. აქედან გამომდინარე, 2024 წელი, სამშენებლო ინდუსტრიისა და სექტორისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა