ქეთი ბერძენიშვილის დედა მისი შვილის გარდაცვალების მიზეზის შესწავლას მოითხოვს
ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის დედა ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
მაგული ჩხობაძე და მისი უფლებადამცველები მოითხოვენ, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი შეისწავლოს – რამდენად უზრუნველყო კლინიკამ ოპერაციის სწორად ჩატარება და პოსტოპერაციული პროცესი, ასევე, რამდენად სწორად მიეწოდა თურქულ კლინიკას პაციენტის დიაგნოზი.
მაგული ჩხობაძის ვარაუდით, მისი შვილი არასწორად ჩატარებული ოპერაციისა და ჰოსპიტალური ინფექციისა და არასწორი პოსტოპერაციული მკურნალობის გამო დაიღუპა.
“მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს. ხდება კი საქართველოში ღვიძილის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არ მაქვს, ამიტომ სისხლის სამართალს ვერ აღვძრავ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველომ შეისწავლოს არსებული საკითხი. თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება. 6 თვე გავიარეთ ჩვენ. 8 მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით”, – აცხადებს ჩხობაძე.
როგორც ადვოკატი მარიამ ლევიძე აღნიშნავს, დოკუმენტებით დადასტურებული არ არის, რომ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი იყო სიმსივნე. მისი თქმით, მიზეზი ჩირქოვანი პროცესების განვითარებაა, რაც, სავარაუდოდ, კლინიკაში ჩატარებულმა ოპერაციამ განაპირობა.
“დოკუმენტებით ეს დადასტურებული არის, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს სიმსივნე, არამედ წარმოადგენს შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც, სავარაუდოდ, განაპირობა ჩატარებულმა ოპერაციამ. ამიტომ, მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებაში გვაქვს და ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის, როგორ ჩატარდა ოპერაცია? სათანადოდ ჩატარდა თუ არა. ასევე, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდგომ კლინიკამ რამდენად უზრუნველყო სათანადო ყველა სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა? რამდენად იყო ეს სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში”, – აცხადებს ლევიძე.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ნოემბერში გარდაიცვალა. მანამდე ის თბილისიდან სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
წყარო: "ინფო იმერეთი"