"ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ" - ნეთანიაჰუ
"ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ" - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი საკუთარი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
"ბრძოლას ჰამასზე სრულ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. მძევლების დასაბრუნებლად ერთადერთი გზა ჰამასის განადგურება და იმაში დარწმუნებაა, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხის შემცველი აღარ იქნება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ ერთად ვართ. ომს თავისი საფასური აქვს, ჩვენი გმირი მებრძოლების სიცოცხლის საფასური. ჩვენი მეომრების სიცოცხლის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ერთ რამეს არ გავაკეთებთ - არ გავჩერდებით, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ", - თქვა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.