რა ასაკამდე სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის?
ბავშვების უმეტესობას თოვლის ბაბუის (სანტა კლაუსის) არსებობის, დაახლოებით, 8 წლის ასაკამდე სჯერა, თუმცა რიგ შემთხვევაში ეს ფანტაზია თინეიჯერობის ასაკშიც გრძელდება.
"ბავშვები, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკში იწყებენ ფანტაზიისა და რეალობის დიფერენცირებას, მაგრამ მათი რწმენა ჯადოსნური სანტა კლაუსის არსებობის შესახებ ხშირად თინეიჯერობის ასაკში გრძელდება“, - ამბობს დოქტორი კენდის მილსი, ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი.
ამ ფაქტის დასადასტურებლად მილსმა 6-დან 15 წლამდე ასაკის 48 ბავშვი გამოკითხა. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების უმეტესობას სანტა კლაუსის არსებობაში ეჭვი დაახლოებით 8 წლის ასაკში ეპარება, ზოგიერთი 3 და 4 წლის ასაკში უარყოფს მის არსებობას, არიან ისეთებიც, რომლებსაც სანტა კლაუსის 15-16 წლის ასაკშიც სჯერათ.
ხშირ შემთხვევაში ბავშვების რწმენას თოვლის ბაბუის მიმართ სრულიად ანადგურებს მათი მეგობრებისა და თანატოლების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით:
"მათ შეიძლება ჰქონოდათ გარკვეული სკეპტიციზმი, რომელიც დაფუძნებულია ლოგიკურ მსჯელობაზე - მაგალითად, როგორ შეუძლია სანტა კლაუსს ერთ ღამეში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა? მაგრამ აზრის ცვლილებაზე ყველაზე მეტად მეგობრის დამოკიდებულება მოქმედებს - თუ თანატოლი ამბობს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, ბავშვი მაშინვე ივიწყებს, რომ ოდესღაც ზღაპრული თოვლის ბაბუის სჯეროდა“.
წყარო - ambebi.ge