საქართველოში ახალი მომაკვდინებელი ნარკოტიკი გამოჩნდა
ნარკოტიკების პრობლემაზე არაერთხელ დაგვიწერია და სამწუხაროდ, პრობლემა არათუ არსებობს, არამედ, ყოველდღიურად ღრმავდება. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ სტატისტიკურად, სულ უფრო მეტი არასრულწლოვანი მოიხმარს ნარკოტიკს და სწორედ ამაზე საუბრობდნენ მაშინ ის ადამიანები, რომლებიც ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიდოდნენ. ძალიან, ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ კანონის უარყოფითი მხარეები ნათლად დაგვენახა და ცუდია, რომ სამართალდამცავები უძლურნი არიან. მათი უძლურების მიზეზი კი, სწორედ კანონია, რომელიც ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირების დაპატიმრებას არ ითვალისწინებს. ჰოდა, სამართალდამცავები არ მალავენ, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირებს, პრაქტიკულად, აღარ აკავებენ, რადგან ორსაათიანი პროცედურების გავლის შემდეგ, იძულებულნი არიან, ისინი გაუშვან.
ცალკე პრობლემაა ჩანაწერი კანონში, რომლის მიხედვითაც, დაკავებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას სისხლისა და შარდის ჩაბარებაზე, რათა ექსპერტიზა ჩაუტარდეს და ამის იძულების უფლება ძალოვნებს არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, პირი „კოკაინის“, „ჰეროინის“, ან სხვა მძიმე ნარკოტიკის თრობის ქვეშ იყოს, მაგრამ ანალიზის ჩაბარებაზე უარი თქვას.
ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ისე, რომ ნაარკოდამოკიდებულების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და უფულობის გამო, ისინი სხვადასხვა გზას ეძებენ „კაიფისთვის“. ამის ნათელი მაგალითი იყო ე.წ. კრაკადილის მოგონება, რომელმაც არაერთი ადამიანი არათუ დააინვალიდა, არამედ, მოკლა კიდეც. სხეულზე ის ადგილი, რომელზეც ინექციას იკეთებდნენ, სამ დღეში ლპობას იწყებდა და შემდეგ ისე ფუჭდებოდა, საჩვენებელი თითი ნახევრამდე ჩადიოდა და ტოვებდა ღრმულს. ამის მიუხედავად, სიიაფის გამო, „კრაკადილს“ არაერთი ადამიანი იკეთებდა.
ბოლო „გამოგონება“ ნაძვის წიწვებისგან მიღებული შხამი იყო, რომელსაც ვენაში უშვებდნენ და მართალია, იაფი ჯდებოდა, მაგრამ მისგან მიღებული „კაიფი“ ცოტახანს გრძელდებოდა და ის მოხმარებიდან მალე გავიდა. ახლა კი... ახლა ბაზარზე „მიწა“ გამოჩნდა.
რა არის ნარკოტიკი „მიწა“? მოგეხსენებათ, როცა შსს-ს საცავებში ნარკოტიკების გარკვეული ოდენობა გროვდება, დგება სპეციალური კომისია, რომელიც ამ ნარკოტიკებს ანადგურებს. ნაწილი სპეციალურ ღუმელში ნადგურდება, რომელსაც 12 ადამიანი ესწრება და დგება სპეციალური ოქმი, თუმცა არის ნარკოტიკების სახეობა, რომელსაც ღია სივრცეში ანადგურებენ, ცეცხლს ანთებენ და წვავენ. ჰოდა, როგორც გვეუბნებიან, სწორედ ამ ადგილს მიაგნეს გარკვეულმა ადამიანებმა და... იმ ადგილიდან, სადაც ცეცხლი ენთო და ნარკოტიკი ნადგურდებოდა, იღებენ მიწას და ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ. სამწუხაროდ, ასეთი ადგილები დაუცველია და ამ სახის ნარკოტიკზე წვდომა უფასოდაც კი შეიძლება. რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, იყიდება არა მარტო ამ ადგილიდან აღებული მიწა, არამედ, ქვებიც. ისინი ქვის ზედაპირს ფხეკენ, შემდეგ ასხამენ ბენზინს, „რასტვარიტელს“, შემდეგ უკიდებენ ცეცხლს, შემდეგ უნიტაზის სარეცხ „კროტს“ და საბოლოოდ, მიღებულ მასას... ვენაში იკეთებენ. ვენაში ამ შხამის გაკეთებას ბევრი არ რისკავს, მიღებულ ფხვნილს თუთუნში, ან „მარიხუანაში“ ურევს და ეწევა. საუკეთესო შემთხვევაში, ამ მინარევის ხანგრძლივი მოხმარება კომას იწვევს და ვიმეორებ - ეს საუკეთესო შემთხვევაში.
ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ სანამ შსს ნარკოტიკებს გაანადგურებს, მათი ქიმიური დამუშავება ხდება ანუ ასხამენ ისეთ ქიმიურ ნაერთს, რომლის შემდეგაც ამ ნარკოტიკის დაწვისა და მიწაში ჩაღვრის შემდეგ კი არა, ისე გამოყენებაც სიცოცხლისთვის სახიფათოა, თუმცა ქართველ მომხმარებელს ეს ნაკლებად ადარდებს. სამწუხაროდ, სამართალდამცავებს კანონი არ ავალდებულებს, ასეთი ადგილები მუდმივი დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. გარდა ამისა, ვინ მოიფიქრებდა, რომ ქიმიურად დამუშავებული, პრაქტიკულად, განადგურებული და შემდეგ დამწვარი ნარკოტიკის ჩიჩქნას დაიწყებდა რომელიმე ჭკუათმყოფელი.
ქიმიურ ნაერთებს სხვადასხვა თვისება აქვთ. ზოგი, გაცხელების შემდეგ, იცვლის თვისებას და მომწამვლელი ხდება, ზოგი პირიქით - გაცხელება-გაციების შემდეგ არის შხამიანი და ხომ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, როცა „მიწაზე“ ვსაუბრობთ?
რომ არაფერი ვთქვათ უშუალოდ ნიადაგსა და მასში არსებულ ნაერთებზე, იქ ჩაღვრილი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება რეაქციაში შედის იმ ქიმიურ ნაერთთან (ძირითადად ქლორთან), რომელმაც ნარკოტიკი ისედაც უვარგისი უნდა გახადოს. მერე, ყველაფერი ეს იწვება, ერთმანეთში ირევა, ორთქლდება, ნარჩენი რჩება, იღვენთება... და ამ მასას შემდეგ „კროტით“, „რასტვარიტელითა“ და ბენზინით რეცხავენ, ადუღებენ, ხარშავენ, ისევ წვავენ და... ან იკეთებენ, ან ეწევიან.
ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს გადაწყვეტილი აქვს, ყველა იმ ადგილის ტრაქტორით დამუშავება, სადაც ნარკოტიკები გაანადგურეს ანუ მიწას ამოაბრუნებენ და დაახლოებით, 4-5 მეტრის სიღრმეზე დამარხავენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის გარანტია, რომ „მოხალისეები“ მიწის თხრას სიღრმეზე არ დაიწყებენ, მაგრამ ეს ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურაა, თანაც შეუმჩნევლად ვერ მოხერხდება ამხელა სამუშაოს ჩატარება და, ეგებ, ეს მართლაც გამოსავალი იყოს.
არის კიდევ უფრო მარტივი შესაძლებლობაც - წინასწარ ამოითხაროს ორმო, სადაც ნარკოტიკებს გაანადგურებენ და დაწვის შემდეგ, ამ ორმოში ამოღებული მიწა ჩაიყაროს. ასე, გარანტირებულად და ღრმად დაიმარხება ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შემდეგ ნარკორეალიზატორები იღებენ, ამუშავებენ და როგორც ნარკოტიკს, ისე ჰყიდიან. სინამდვილეში, ჰყიდიან სიკვდილს, ნელი მოქმედების ბომბს,რომელიც არაერთ მოზარდს აუფეთქდა.
შეგიძლიათ, თავადაც შეამოწმოთ სამედიცინო დაწესებულებების ჩანაწერები და ნახავთ, რომ მათთან არაერთხელ მიუყვანიათ მოიზარდები, რომლებიც მშობლების თქმით, უბრალოდ, გაითიშნენ, გონება დაკარგეს და სისხლის ანალიზის ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მათ სხეულში 10-15 სახეობის სხვადასხვა ნაერთია, რამაც საბოლოო ჯამში, კომა და გონების დაკარგვა გამოიწვია. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ექიმებიც კი უძლურნი არიან, ასეთი ქიმიური ნაერთისგან ორგანიზმი სრულად გაწმინდინ და არაერთი ფატალური შედეგიც დამდგარა. მერე კი, ისევ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მშობლები არ ახმაურებენ გარდაცვალების რეალურ მიზეზს, მეზობლებსა თუ ნათესავებშში, ჭორად დადის, ნარკოტიკების მიღების შედეგად გარდაიცვალაო. ნაცვლად იმისა, რომ მშობლებმა ბოლო ხმაზე იყვირონ, სხვა მშობლები გააფრთხილონ, არიქა, ჩვენი შვილი რაღაც შხამს იღებდა და თქვენც ფხიზლად იყავითო, ჩუმად ყოფნას არჩევენ და ოჯახის სახელისა თუ ღირსების გადარჩენით არიან დაკავებული.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ნარკოტიკებზე მოთხოვნა გაიზარდა, სამწუხაროდ, ინტერნეტით მათი შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, მისი შეძენა სულ უფრო მარტივდება და საზღვარგარეთ მყოფი დილერები სულ უფრო მეტ თანხას უხდიან იმ პირებს, რომლებიც მზად არიან, ნარკოტიკი სკვერებსა თუ სხვა ადგილებში დამალონ და ლოკაციის ფოტოები გადააგზავნონ. უფრო ცუდი ის გახლავთ, რომ ამის გაკეთების მსურველი სულ უფრო ბევრია და როცა სამართალდამცავები ახერხებენ ქსელის გახსნას, მათ მიერ ნასროლ ბადეში, სწორედ მეორე და მესამეხარისხოვანი პირები ხვდებიან, მთავარი ლიდერი კი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, საზღვარგარეთაა და მისი არათუ დაპატიმრება, უმრავლეს შემთხვევაში, ვინაობის დადგენაც კი შეუძლებელი ხდება.
გამოსავალი ის გახლავთ, რომ ძალოვნებმა ყველაფერი უნდა იღონონ და საზღვრები უფრო მეტად აკონტროლონ. ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვარს ლარსის გამშვები პუნქტიდან კვეთენ, ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კონტროლი თითქოს უფრო გამკაცრდა. პროცედურულ შემოწმებებს დაუმატეს ავტომობილის მინების ჩაწევა-აწევაც და ხმას უსმენენ ანუ არსებობს ვარაუდი, რომ ნარკოტიკებს მანქანის კარში მალავენ, მინის აწევ-ჩაწევა კი ასეთ დროს განსხვავებულ ხმას უნდა გამოსცემდეს. არადა, საქმეში ოთხფეხა მეგობრებიც თუ ჩაერთვებიან და მუდმივად გააკონტროლებენ ყველა ავტომობილს, ცუდი არ იქნება.
ვიღაც იტყვის, რომ ეს შეფერხებას გამოიწვევს და მგზავრებს დიდხანს მოუწევთ ლოდინი, რაც სიმართლეა, თუმცა ერთი საათით მეტი ლოდინის სანაცვლოდ, ნარკოტიკების შემოტანას, თუნდაც რუსეთიდან, მინიმუმამდე დავიყვანთ.
რუსეთის გარდა, ნარკოტტიკების შემოტანის საფრთხე ზღვით და სხვა სახმელეთო საზღვრებითაც არსებობს.
ამასთან, სახელმწიფო, ალბათ, ვალდებულია, ნარკოტიკების რეალიზაციაზე კანონი უფრო გაამკაცროს და თუნდაც მცირე დოზის გასხვისების შემთხვევაში, მინიმუმ ორნიშნა სასჯელი მისცეს რეალიზატორს, დიდი ოდენობა კი უპირობოდ უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით პირველი 25 წლის განმავლობაში, შეწყალების უფლების გარეშე.
წყარო: „ვერსია“