შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა - შალვა პაპუაშვილი
გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას ეძღვნებოდა.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, მიღწევებისა და გამოწვევების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე. საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას ეძღვნებოდა. მთავრობის მსგავსად, პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა. საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მოლოცვასთან ერთად მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.