მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა მოქალაქეებზე და მათი სოციალური პრობლემების მოგვარება - ავთანდილ თალაკვაძე
"2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 8,6 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2024 წელს, ვგეგმავთ დამატებით 13%-ის დახარჯვას, რაც 2 მილიონ 834 600 ლარს შეადგენს. (გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით სოციალური პორტფელის დაფინანსება იზრდება 381 ათასი ლარით.) 2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 18 სხვადასხვა სახის პროგრამას მოიცავს. მერია დაეხმარება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებსაც, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, მრავალშვილიან დედებს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს,“ - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მერია სოციალური სერვისების მიწოდებას მომავალ წელსაც განაგრძობს. არსებულ პროგრამებთან ერთად, ოზურგეთი ახალი ინიციატივების დანერგვას იწყებს.
„ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული PET კვლევის თანადაფინანსება (პეტკატე). პეტკატე ოქროს სტანდარტად ითვლება, რომელიც 36%-ით ცვლის მკურნალობის ტაქტიკას, მისი საშუალებით ხდება ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. ასევე, ვგეგმავთ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის - „ზომეტას“ დაფინანსებას. ვგეგმავთ 0-დან 18-წლამდე ბავშვებისათვის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას, რომელთათვისაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხორციელდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე მერმა აღნიშნა დაგეგმილია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სათანადო სერვისი ხელმისაწვდომობის გაზრდა - აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 45 000 ლარით გაიზრდება.
„ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების მიმართულებით ვზრდით პროგრამის დაფინანსებას 100%-ით, რაც ხელს შეუწყობს ამ ოჯახების გაძლიერებას. 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასკოლო ნივთების შესაძენად 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.