იწვევს თუ არა D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს ?
D ჯგუფის ვიტამინი ყველა ასაკის და ორივე სქესის ადამიანს სჭირდება, ვინაიდან ის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების - კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ელემენტების დეფიციტი ყველასთვის საშიშია, მაგრამ ქალები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ.
D ვიტამინის როლი და სარგებელი ქალებისთვის
D ვიტამინი პასუხისმგებელია ქალის სილამაზეზე. დ ვიტამინი კანისთვის განსაკუთრებით საჭიროა - ის ააქტიურებს უჯრედების განახლების უნარს, აძლიერებს კანის დამცავ თვისებებს, იცავს მას ნაადრევი დაბერებისგან და ამცირებს პათოგენური მიკრობების ორგანიზმში შეღწევას.
„მზის ვიტამინი“კრიტიკულ დღეებში ქალებს ეხმარება, რომ სისხლის დაკარგვას უფრო ადვილად გაუმკლავდნენ.
ყურადღება! სასარგებლო ნივთიერების ნაკლებობის შედეგად, ორგანიზმიდან კალციუმისა და ფოსფორის გამორეცხვა ხდება. საკვებიდან მათი მიღება და ათვისება D ვიტამინის მთავარი ფუნქციაა.
D ვიტამინი ხელს უწყობს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებას. სამეცნიერო გამოკვლევების თანახმად, ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც სიმსუქნისკენ მიდრეკილი არ არის.
D ვიტამინის დეფიციტი ორსულებში
„მზის ვიტამინის“ ნაკლებობა განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულობის დროს, როდესაც კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ათვისება ჩვეულებრივზე სწრაფად ხდება, რაც მომავალი დედის ძვლოვანი სისტემის შესუსტებას იწვევს.
D ვიტამინის დეფიციტი ორსულებში ზრდის ბაქტერიული ვაგინოზის, შაქრიანი დიაბეტის, პრეეკლამფსიის და ნაადრევი მშობიარობის რისკებს.
D ვიტამინი მენოპაუზის პერიოდში
მენოპაუზის პერიოდში D ვიტამინი ამცირებს კლიმაქსის სიმპტომების სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სხეულის მიერ ვიტამინებისა და მინერალების ათვისების ხარისხი მცირდება, რასაც თან ახლავს ძვლოვანი ქსოვილის გათხელება და ზოგჯერ ოსტეოპოროზის განვითარება. კალციფეროლი ამ პროცესების პრევენციას ეხმარება.
როგორია D ვიტამინის ყოველდღიური დოზა?
D ვიტამინის ყოველდღიური მიღება დამოკიდებულია ადამიანის სქესსა და ასაკზე:
13 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - 200–400 IU (საერთაშორისო ერთეული);
მოზარდებისა და 50 წლამდე ზრდასრულებისთვის - 200–250IU;
ხანდაზმულთათვის - 400 IU;
70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის - 600 IU;
ორსული და მეძუძური ქალებისთვის - 400 IU-მდე.
სანამ გადაწყვეტთ D ვიტამინის მიღებას, მიმართეთ ექიმს, რომელმაც უნდა განსაზღვროს მიღების დოზა და ხანგრძლივობა. D ვიტამინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება, გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
რაღაც დოზით დ ვიტამინის მიღება საკვებითაც შესაძლებელია. D ვიტამინს შეიცავს ყველი, თევზის ქონი, კვერცხის გული, ცხიმიანი თევზები: თინუსი, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია, ბურღულეული, ტყის სოკო, საქონლის ღვიძლი, სოია. ჩამოთვლილ საკვებში D ვიტამინი ძალიან მცირე რაოდენობით არის, ამიტომ არსებობს D ვიტამინით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტები: რძე, ზოგიერთი იოგურტი, ხორბლეული და ფორთოხლის წვენი.
D ვიტამინის უმეტესი ნაწილი კი ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება - უნდა აღინიშნოს, რომ D ვიტამინი ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც სხეული ბუნებრივად წარმოქმნის.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი დოზა ისევე საზიანოა კანისთვის, როგორც დეფიციტი. D ვიტამინის საჭირო რაოდენობის მისაღებად დღეში 20-30 წუთი მზეზე ყოფნა სრულიად საკმარისია.
წყარო : funtime