თეგებით ძიება

როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანდისტებს - პაატა მანჯგალაძე

როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანდისტებს, ორგანიზაციებს, მაგრამ არ იცვლება მთავარი, რომ როგორმე საქართველო, რომელმაც გაბედა საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის დაცვა, დაადანაშაულონ აგრესიაში, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია.

მისივე თქმით, საქართველოს 2008 წლის ომში დადანაშაულების მცდელობა ღალატის ტოლფასია.

„რაც შეეხება ე.წ “ხალხის ძალის”, ანუ იგივე “ქართული ოცნების” დღეს გავრცელებულ განცხადებას, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისტული გზავნილების ტირაჟირება. როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანდისტებს, ორგანიზაციებს, მაგრამ არ იცვლება მთავარი, რომ როგორმე საქართველო, რომელმაც გაბედა საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის დაცვა, დაადანაშაულონ აგრესიაში. თავდაპირველად „პატრიოტთა ალიანსი” ახმოვანებდა ამ გზავნილებს, შემდეგ „ალტ-ინფო”, ფრიდონ ინჯია და ახლა „ხალხის ძალა” და „ქართული ოცნება”. როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ საქართველო გაამართლა და ნებისმიერი რევიზიის მცდელობა ამ საკითხებში და საქართველოს დადანაშაულება ახდენს ამ ხალხის, ამ ძალების ლუსტრაციას, რომ ისინი 30 ვერცხლის სანაცვლოდ, ღიად დაადგნენ საქართველოს ღალატის გზას.

არ ავყვეთ ამ პროპაგანდას, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხალხმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და ჩვენ ერთად, აუცილებლად მოვიტანთ ნამდვილ მშვიდობას ევროკავშირთან ერთად” - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის „საუკეთესო პერიოდი იქნება.“ მათივე განმარტებით, „მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“.

მათივე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა