სანელებლებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება - სუდანი აღმოაჩინეს
ახალ წლამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება, უფრო ნაკლები საახალწლო სუფრის სამზადისის დაწყებამდე. ტრადიციულად ამ დღის სუფრისთვის კერძის რამდენიმე სახეობას ამზადებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება სანელებლები.
არავინ იცის, რა აღმოჩნდება სანელებლებთან ერთად ჩვენ საახალწლო კერძებში. ტყვია? ან იქნებ სუდანი? – როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის არანაკლებ საშიშია.
2023 წელს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ კონტროლის გაძლიერებისა და რიგი პრევენციული ღონისძიებების შემდეგ ტყვია სანელებლებში იმ დოზით აღარ გვხდება, თუმცა ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სანელებლები მაინც არ არის უსაფრთხო.
ამჯერად სანელებლებში ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიში ნივთიერება – სუდანი აღმოაჩინეს.
2023 წლის 24 ნოემბერს სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სურსათში – ძირითადად სანელებლებში, საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ნიმუშები აიღეს სენაკის ცენტრალურ ბაზარში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.