თეგებით ძიება

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის ტარიფები იზრდება

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის ტარიფები იზრდება. წყლის და ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისია ამტკიცებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინვესტიციები გავლენას ტარიფებზეც მოახდენს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ წყლის ტარიფების გადახედვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა" სემეკს კონკრეტული მოთხოვნით მიმართა. როგორც ირკვევა, კომპანია 3 წლის განმავლობაში 363 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს თბილისსა და რუსთავში.

რამდენით ძვირდება წყალი, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ისედაც გაჭირვებაში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს დამატებით ხარჯს წარმოადგენს.

"წყალზე, როგორც იცით, განიხილება სატარიფო განაცხადი ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის და მოხდება ტარიფების დადგენა თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში. განაცხადი, როგორც მოგეხსენებათ, კონკრეტულად არ გულისხმობს კონკრეტული ტარიფის მოთხოვნას. განაცხადი გულისხმობს ფაქტობრივი დანახარჯების წარმოდგენას, რომელსაც უტარდება აუდიტი და ასევე ინვესტიციებს, რომლებიც შეთანხმებულია უკვე მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. მომდევნო სამ წელში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ტარიფზე ახდენს გავლენას. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე სხდომაზე ვისაუბრებთ. ინვესტიციები შეითანხმა მარეგულირებელმა კომისიამ. 363 მილიონის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდება თბილისისა და რუსთავის ქსელში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ქსელის მდგომარეობა გაუმჯობესდება. წინასწარ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელთა კომისია, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ", - აღნიშნა გივი სანიკიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა