იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი პირი სომეხ მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხა
იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი პირი სომეხ მღვდლებს და სტუდენტებს თავს დაესხა. მათ იერუსალიმის სომხური უბანი დაარბიეს. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ სომხურ მედიაზე დაყრდნობით „ტაბულა“ ავრცელებს.
სომხური საპატრიარქოს განცხადებით, თავდასხმა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სომხური კვარტლის დიდი ნაწილის ავსტრალიელ-ისრაელელ ბიზნესმენზე 100 წლით იჯარით გადაცემის საკითხი ხალხის მასობრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა.
"ეს არის დანაშაულებრივი პასუხი, რადგან ჩვენ 24 საათის წინ მივიღეთ კანონი სომხური კვარტლის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით. ავსტრალიელ-ისრაელელი ბიზნესმენები დანი ტორმანი (რუბენშტაინი) და ჯორჯ ვარვარი ასე რეაგირებენ სამართლებრივ პროცედურებზე. სომხური საპატრიარქოს ეგზისტენციალური საფრთხე ახლა უკვე ფიზიკური რეალობაა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო მედიას და საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ სომხური კვარტლის გადარჩენაში" - წერია იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი, არქიეპისკოპოსი, დეკანოზი და მღვდელი თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა. ისრაელის პოლიციამ ორი სომეხი ადამიანი დააკავა.