თეგებით ძიება

ახალი წელი და ალკოჰოლი - როგორ დავიცვათ ზომიერება?

ახალი წელი ერთ-ერთი ამაღელვებელი დღესასწაულია. თვით მოწიფული ადამიანებიც ბავშვობიდან გამოყოლილი საოცარი განწყობითა და ხალისით ხვდებიან მას. ახალი წელი ამავდროულად თავისებური დღესასწაულიცაა, რომლის შესახვედრად და ლამაზად აღსანიშნავად უამრავ სამშვენისსა და სხვადასხვა სახის საზეიმო ნივთებს იყენებენ; ამზადებენ და მიირთმევენ სადღესასწაულო, ტრადიციულ კერძებსა და სასმელებს. ზომიერების გრძნობა ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნოს, მათ შორის დღესასწაულის დროსაც. საკვებისა და სასმლის მიღებისას ზომიერება გვმართებს ყველას, რათა საახალწლო სუფრასთან ან მეჯლისზე ყოფნისას მიღებული სიამოვნება და სიხარული ხანმოკლე არ აღმოჩნდეს. ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდოთ.

 

სადღესასწაულო სუფრა, საჭმელ-სასმელი და ზომიერება

ახალი წლის ღამეს სასიამოვნოა სტუმრების მიღება და გამასპინძლება. საქართველოში, როგორც წესი, საღამოდან მოყოლებული დილამდე სუფრას უსხედან ადამიანები. ჯერ ძველ წელს აცილებენ, შემდეგ ახალ წელს ხვდებიან ტრადიციული სადღეგრძელოებით, საათების განმავლობაში გრძელდება სხვადასხვაგვარი საკვების, სასმლის, ტკბილეულის მირთმევა... მათ ერთმანეთში არევას ხშირად არასასიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. ბევრი ადამიანი სადღესასწაულო კერძებისა და სასმელების გადაჭარბებული მიღების გამო ახალ წელს საავადმყოფოშიც კი ხვდება.

 

ახალი წელი და სასმელები

ახალი წლის დღესასწაული და საზეიმო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის და სისხლივით წითელი ღვინის, კონიაკის თუ საზეიმო ლიქიორების გარეშე. ბოლო დროს კი სუფრას ბევრი უცხო თუ ეგზოტიკური სასმელიც შეემატა. საახალწლო დღესასწაული რომ დიდ უსიამოვნებად არ გექცეთ, დაიცავით ზომიერება. მიირთვით მხოლოდ სუფთა ღვინო, რა თქმა უნდა, ნატურალური. ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა სასმელს, ნურც უალკოჰოლო სასმელებს აურევთ სხვა სასმელში. ამან შეიძლება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. მოკლედ, დაიცავით ზომიერება საკვებისა და სასმლის მიღებაში; დაიცავით უსაფრთხოების წესები; უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვები, მათაც იციან სასმელზე მიპარვა. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, ახალი წელიც ორმაგად სასიამოვნო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენ გარშემო მყოფთათვისაც...

წყარო: „მკურნალი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა