თეგებით ძიება

რა საკვებით „ებრძვიან“ ნაბახუსევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

ნაბახუსევი იმ უსიამოვნო სიმპტომების ერთობლიობაა, ალკოჰოლურ თრობას რომ მოსდევს. ზუსტად არავინ იცის, რამდენმა ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა, მისი ხანგრძლივობა კი, დაახლოებით, 24 საათია ხოლმე და უმეტესად თავისთავად გადის. ნაბახუსევის სიმპტომები კი ალბათ ყველასთვის (თეორიულად მაინც) ცნობილია: პირის სიმშრალე და ძლიერი წყურვილი, თავისა და კუნთების ტკივილი, გულისრევა, თავბრუდახვევა... ამ სიმპტომების მოთმენა ძნელია, ამიტომ მთელ მსოფლიოში თავისებურად ცდილობენ ნაბახუსევზე გამოსვლას და ამისთვის ათასნაირ კერძებს იგონებენ... ჩვენ დღეს სწორედ იმ კერძებს ჩამოგითვლით, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნაბახუსევზე მიირთმევენ და იქნებ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი შეარჩიოთ, ვიდრე ქართული ხაშია. 

ნორვეგია

უზმოზე 1 ჭიქა რძე ან ცხიმიანი ნაღები. კარტოფილის ლავაშში გახვეული კალმახი ხახვითა და არაჟანით;

საქართველო

1 ჭიქა ტყემალი ან ცხელი ხაში;

კანადა

Poutine - ეს არის ბევრ ზეთში შემწვარი კარტოფილი - ფაქტობრივად, კარტოფილი ფრი, ახალი ყველით და მოტკბო სოუსით; მისაყოლებლად კი -პომიდვრის წვენი; 👇

ბოლივია

ღორის ჩაშუშული, ცხარე ხორცი ქაცვის თესლით და სიმინდის ფაფით;

პერუ

სევიჩე - ზღვის პროდუქტების ასორტი წითელი ხახვით, წიწაკით, ტკბილი კარტოფილით და ლაიმის წვენში დამარინადებული მანიოკას ფოთლებით;

თურქეთი

სპეციალური წვნიანი - İşkembe Çorbası, რომელიც მზადდება საქონლის ხორცის, კვერცხის, ხახვისა და ნივრისგან. ასევე, ცხვრის ღვეზელები შამფურზე ბოსტნეულით, ხრაშუნა ბრტყელ პურთან ან კარტოფილ ფრისთან ერთად;

რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ხორვატია და ბალკანეთის სხვა ქვეყნები

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ნაბახუსევზე გამოსვლა თურქეთის მსგავსად, ხორციანი წვნიანებით იციან. განსხვავებულია მხოლოდ სანელებლები;

გერმანია, ავსტრია და ჰოლანდია

ქაშაყის რულეტები, კიტრისა და ხახვის მწნილთან ერთად; 👇

საფრანგეთი

ნივრის ან ხახვის წვნიანი ბაგეტით და დამარილებული ვირთევზას პიურეთი;

ესპანეთი

ცხარე, ცივი წვნიანი გასპაჩო ან პომიდვრის ბოკადილოები (იგივე „სენდვიჩი“ ესპანურად) ლორით;

დიდი ბრიტანეთი

Full English Breakfast - ეს მათი საუზმეა ნაბახუსევზე გამოსასვლელად. მასში შედის: კვერცხი „გლაზუნია“, ბეკონი, სოსისები, სოკო და ლობიოს მარცვლები. თუკი ამისთვის დრო არ აქვთ, სენდვიჩი ბეკონით და ფინჯანი მაგარი ყავა უნივერსალური გამოსავალია; 👇

შოტლანდია

კვერცხი შოტლანდიურად (ხორცის ფარშში გახვეული და შემწვარი მოხარშული კვერცხი);

ირლანდია

შემწვარი კვერცხი ყველითა და ბეკონით და ჯანჯაფილის მაცოცხლებელი ელი (ჯანჯაფილის ფესვები იხარშება ჩვეულებრივ წყალსა და მინერალურ წყალში, რომელსაც შემდეგ ამატებენ თაფლსა და ლიმონს);

იტალია

მაგარი ყავა ესპრესო, ბანანთან ერთად (არ გაგიკვირდეთ - ბანანი მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, რომლებსაც ნორმაში მოჰყავს წყლის და მარლის ბალანსი);

აშშ

უმი კვერცხი ათქვეფილი ტომატის წვენში ან „ბებერი, კეთილი“ ბურგერი;

სამხრეთ კორეა

მათ ნაბახუსევზე გამოსასვლელად უყვართ წვნიანი „ხეჯანგუკი“, რომელიც ასევე ითარგმნება: „წვნიანი ნაბახუსევზე სამკურნალოდ“. მისი ინგრედიენტებია: სოიოს პასტა ძროხის სისხლით, ჩინური კომბოსტო, მწვანე ხახვი და ტვენჯანგი (სოიოს დაწნეხვისგან მიღებული ცხელი სასმელი); 👇

ტაილანდი

ცხარე და მჟავე წვნიანი Tom Yam. მისი ინგრედიენტებია: კრევეტები, თევზის სოუსი, ცხარე მაკარონი, სოკო, ჩერი, ჯანჯაფილი, ლაიმი, კილანტრო (ქინძის ნაირსახეობა);

იაპონია

იაპონური მჟავე ქლიავის (ან გარგარის) მწნილი;

ჩინეთი

მწვანე ჩაი - ეს სასმელი არა მხოლოდ ჩინელებისთვის, არამედ ზოგადად პანაცეაა ნაბახუსევზე გამოსასვლელად.

დაბოლოს: არსებობს ნაბახუსევის მედიკამენტები, რომლებსაც ნაბახუსევის თავიდან აცილების უნარს მიაწერენ. ასეთებია ასპირინი, იბუპროფენი. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათ მართლად შეუძლია, უსიამოვნო სიმპტომების პრევენცია, მაგრამ 100 პროცენტით საიმედო გზა ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ის გახლავთ, რომ იცოდეთ თქვენი დოზა და მიიღოთ ზომიერად.

წყარო: „ფანთაიმი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა