ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით ნულს ქვემოთ ჩავიდა - მამუკა მდინარაძე
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციისგან სპეკულაციებს არ გამორიცხავს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიცია არ არსებობს და ასეთ დროს ჩნდება შიდა რისკები, უდიდესი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და სწორედ ამ გამოწვევებთან სამუშაოდ მმართველ გუნდს ბიძინა ივანიშვილი აქტიურად დაეხმარება.
„პარტიაში ცვლილებები არ იქნება. დღეს მოისმინეთ ყველაფერი. დღეს ავირჩიეთ ბატონი ბიძინა საპატიო თავმჯდომარედ. [ყრილობის] დახურული ნაწილი როდესაც გვქონდა, ბევრი საკითხი გავიარეთ. იქ წარმოადგინა წესდება პარტიის თავმჯდომარემ, სადაც შევიდა ცვლილება ამასთან [პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობასთან] დაკავშირებით. შემდეგ უკვე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არჩეული იქნა პარტიის საპატიო თავმჯდომარედ. იგი არის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და ამის შემდეგ დაესწრო უკვე პარტიის ყრილობას, გამოვიდა სიტყვით და მიზეზებიც განმარტა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, ეს ყველაფერი საარჩევნო გარემოზე რა გავლენას მოახდენს, მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის შანსი არჩევნებში ნულს ქვემოთ ჩავიდა.
„ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით ნულს ქვემოთ თუკი რაიმე შეიძლება მინუსებში პროცენტები განვსაზღვროთ, იქ შეიძლება წავიდეთ. დარწმუნებული ვარ, სპეკულაციები იქნება, რომ შეეშინდა მმართველ გუნდს, მე ხომ არ ვიცი, არ მომისმენია [განცხადებები], თქვენ უკეთესად იცით ამის შესახებ. სპეკულაციები აუცილებლად იქნება, რომ [ბიძინა ივანიშვილი] გუნდს დაეხმარება, შეეშინდათ არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნებთან დაკავშირებით, პრობლემა საერთოდ არ არის. ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ამაზე ისაუბრა ბატონმა ბიძინამაც. როდესაც ოპოზიცია არ არსებობს და ასეთ დროს ჩნდება შიდა რისკები, უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, რომ უდიდესი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. ერთი მიმართულებით მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაციის გზაზე სწორი სიარული, ევროკავშირის გზაზე სწორი სიარული, ეს ყველაფერი ერთად არის რთული მისია, ერთად შესასრულებლად და აქ ბუნებრივია, მისი [ბიძინა ივანიშვილის] როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით არის საუბარი და არა იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცის შეეშინდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.