თეგებით ძიება
04. 01. 2024 მსოფლიო

ირანში გენერალ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარი აფეთქებების დროს დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა

სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა ოთხშაბათს, ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქებების შედეგად. ოფიციალურმა პირებმა აღნიშნულს ტერაქტი უწოდეს. 

აფეთქებები, რომელთაგან სულ მცირე ერთი ბომბით იყო გამოწვეული, სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, მოხდა სოლეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე.

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, ბაჰრამ ეინოლაჰიმ ხუთშაბათს დაღუპულთა რიცხვი 103-დან 95-მდე შეამცირა და თქვა, რომ დაშავდა 211 ადამიანი, იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

IRNA ავრცელებს ცნობას, რომ ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და არსებობს დაღუპულთა რიცხვის გაზრდის შესაძლებლობა.

პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით იყო, ხოლო მეორე 1 კილომეტრის, იმ დროს, როცა ადგილზე მომლოცველები მიდიოდნენ. 

IRINN, კიდევ ერთი სახელმწიფო ტელევიზია, იტყობინება, რომ პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავთან მოხდა პეჟო 405 მარკის მანქანის შიგნით ჩემოდანში მოთავსებული ბომბის გამოყენებით, რომელიც, როგორც ჩანს დისტანციურად აფეთქდა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მეორე, უფრო მომაკვდინებელი აფეთქება მოხდა 20 წუთის შემდეგ, როდესაც სხვა მომლოცველები მივიდნენ დაშავებულების დასახმარებლად. 

სოლეიმანი 2020 წელს, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა