აფხაზ „არასამთავრობოებს“ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
აფხაზეთის ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსები, ასლან ბჟანიას „ადმინისტრაციის“ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დე ფაქტო მთავრობა მოსკოვისთვის გადასაცემად არაკომერციული ორგანიზაციების წევრების სიას ამზადებს, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ბრალდებას უარყოფს.
„აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და სამთავრობო ორგანოებს არ აქვთ უფლებამოსილება, სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი გადაწყვიტონ. ამრიგად, აშკარაა, რომ ასეთი ცნობები არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება,“ - წერია ბჟანიას „ადმინისტრაციის“ განცხადებაში.
თუმცა ბჟანიას საპასუხოდ ოპოზიციური Telegram-არხი, Respublica წერს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობა, უარყოს ეს ინფორმაცია, „კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს.“ Respublica ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბჟანიას „ადმინისტრაციამ“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით მსგავსი სიების არსებობა არ უარყო.
„არავის უთქვამს, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება აქვს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან ასლან ბჟანიას, ისევე, როგორც სტალინური რეპრესიების დროს გულმოდგინე ინფორმატორებს არ ჰქონდათ უფლება, გაეგზავნათ თანამოქალაქეები ციმბირში ან სასიკვდილოდ. საუბარია მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე იქ, სადაც საჭიროა, ხოლო სისტემა შემდეგ თავისით იზამს საქმეს,“ - წერს Respublica.
Telegram-არხი დასძენს, რომ Respublica-ს რედაქცია „არასდროს აქვეყნებს ინფორმაციას კონკრეტული წყაროს გარეშე, ამ შემთხვევაში კი საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე.“
ცნობისთვის: ნოემბერში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბამ აფხაზეთში საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრება დააანონსა. ის აცხადებდა, რომ ზოგიერთი დასავლური ორგანიზაცია არაკომერციული ორგანიზაციების მეშვეობით აფხაზეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ზეგავლენას ცდილობს. კერძოდ, დე ფაქტო საგარეო უწყებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი კავკასიაში, ჯონ პენელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. ასევე, აფხაზეთში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აიკრძალა.
„USAID-ის ოფიციალურ სტრატეგიაში აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად განიხილება და ორგანიზაციის ყველა აქტივობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მიმართული, “ - წერდა არძინბა.
დე ფაქტო საგარეო უწყებამ, ზოგადად, ყველა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი დახურა, რომელთა მიზნებიც და ამოცანებიც „ბუნდოვანია და სრული სიზუსტით არ არის გადმოცემული.“ ასევე, აიკრძალა მედიაპროექტების დაფინანსება, „რომელთა მიზანიც აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაშუქებაა“.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაეროს სააგენტოებმა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებისა და ნებისმიერი პროექტის დაფინანსება არძინბას უწყებას უნდა შეუთანხმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დე ფაქტო საგარე საქმეთა სამინისტრო „საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების მიერ აფხაზეთის საშინაო საქმეებში, სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთს და აკრძალავს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.“
20 ნოემბერს ასლან ბჟანიამ, არძინბას უწყების წინადადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ. დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დე ფაქტო საგარეო უწყებას ყველა დაგეგმილი აქტივობა აცნობონ, თუ რომელი აფხაზური ორგანიზაციების ჩართვა იგეგმება ამ პროექტებში და როგორია მათი დაფინანსების ოდენობა.
წყარო : bpn.ge