ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის! - დავით ბერძენიშვილი
ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, - ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.
„ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის! დაიწყო 2024. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე რომ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, ამაზე მოგახსენებთ. სწორი კონფიგურაცია კი გამარჯვების მთლად ფორმულა თუ არა, მაღალი შანსი რომაა, ამაზეც ცოტას. ამჟამად სტატისტიკური მონაცემები, თუ როდის რამდენი პროცენტი იყო 5%-ზე ქვევით მყოფი პარტიების ხმების ჯამი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორ იმოქმედა გამარჯვებულის გამოვლენაზე. ბარიერი სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა, დავთვალე 5%-ს ქვევით დარჩენილი პროცენტები, რადგან ახლა 5%-ია ბარიერი და თვალსაჩინოდ დავინახავთ სურათს.მთავარი ის კი არაა, რომელიმე 1 ან 2 პატარა პარტია გადალახავს თუ არა მაღალ ბარიერს, მთავარია, ბარიერგადაულახავებმა არ შეადგინონ ჯამში ორნიშნა პროცენტი, რაც ამ ხელისუფლებას კვლავ დაგვიტოვებს უმცირესობის ხმებით უმრავლესობაში. რომელიმე პატარა პარტიის პოლიტიკურ ოპოზიციაში თავის დამკვიდრების ფუფუნება ჩვენს ქვეყანას ამჟამად არ აქვს, ჩემი აზრით. ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!“ - აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.