თეგებით ძიება

2024 წელი - ახალი ციკლის დასაწყისი და რას მოგვიტანს ის

2024 წლის საერთო პროგნოზი

2024 წლის 10 თებერვალს მსოფლიო ახალ - ე.წ. გლობალური ტრანსფორმაციის ეპოქაში შეაბიჯებს, რომელიც საკმაოდ დიდხანს - 2044 წლამდე გაგრძელდება და არა მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების წესს შეცვლის, არამედ ახალ ფასეულობებსა და შესაძლებლობებსაც განსაზღვრავს. მართალია, 2003-დან 2023 წლამდე სტაბილურობისა და მატერიალიზმის პერიოდი იყო, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მატერიალურ სიკეთეს, მომხვეჭელობას და დაგროვების სურვილს ენიჭებოდა, მაგრამ 2024 წლიდან პრიორიტეტები შეიცვლება და მთავარი ფილოსოფიური აზროვნება, სულიერი და ინტელექტუალური განვითარება გახდება. 

ფინანსები, ტექნოლოგიები, განათლება

მართალია, გასულ საუკუნეში რობოტებისა და მფრინავი ავტომობილების ნახვა მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში შეიძლებოდა, მაგრამ ბოლო ათწლეულში ფანტასტიკა  ყოველდღიურ რეალობად იქცა, რადგან სწორედ ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა და მფრინავმა ობიექტებმა შეიძინეს განსაკუთრებული აქტუალურობა. მეტიც, დუბაიში უკვე გამოიცადა მფრინავი ტაქსი და ამბობენ, თითქოს ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მალე არა მხოლოდ მფრინავი ტრანსპორტით მგზავრობა, არამედ თანაშემწე-რობოტის დაქირავებაც შესაძლებელი იქნება, რომელიც ნებისმიერი სირთულის ფიზიკურ და ინტელექტუალურ სამუშაოს შეასრულებს. 

ექსპერტების განცხადებით, 2024 წელს ახალი ელექტრონული ფულისა და ვირტუალური ვალუტის შემოღებაც იგეგმება, საზოგადოება კი, ორ ნაწილად გაიყოფა და მკაცრად გაიმიჯნება მდიდრებისა და ღარიბების სოციალურ ჯგუფებად, რადგან მხოლოდ ის მოიპოვებს კეთილდღეობას, ვინც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ინოვაციების ოპერატიულად დანერგვას  მოახერხებს, კონსერვატორული, სტაბილურობის მოყვარული ადამიანებისთვის კი, ვინც დინჯად და აუჩქარებლად მოქმედებასაა მიჩვეული, 20-წლიანი ტრანსფორმაციის ეპოქა უმძიმეს გამოცდად იქცევა. ამასთანავე, სწრაფი შედეგებისკენ სწრაფვა უკვე არსებულ სამეცნიერო მიღწევებსა და საგანმანათლებლო მეთოდებს გააუფასურებს, რაც საზოგადოებას პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისა და ახალი პროგრამების შექმნას აიძულებს.

ჯანმრთელობა და სულიერი მოთხოვნილებები

მომავალი ეპოქის მთავარ მახასიათებლად სისწრაფე და მუდმივი სტრესი იქცევა, რაც სერიოზულად აზარალებს ორგანიზმს და განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამიტომ აუცილებელი გახდება მუდმივად ბალანსის მოძიება, ემოციურ დატვირთვასთან გამკლავება და სულიერი წონასწორობის აღდგენის უნარის გამომუშავება. 

აქტუალურობას შეიძენს ცხოვრების აზრის ძიება და ნიჭის განვითარება, ბუნებრივი რესურსების გააზრებული მოხმარება, საკუთარ თავსა და გარემოზე ზრუნვა. გაიზრდება მოთხოვნილება აზარტულ თამაშებსა და გართობის ინდუსტრიაზე, თუმცა განსაკუთრებულ პოპულარობას მაინც ე.წ. ინფლუენსერები შეიძენენ. მომრავლდებიან სულიერად და ინტელექტუალურად მოწიფული ადამიანები მაღალი ენერგეტიკითა და ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულებით, რომლებიც პროდუქტიულად შეძლებენ საკუთარი და სხვისი ცხოვრების ორგანიზებას. 

ეკოლოგია

ნაკლებად სასიკეთოა ეკოლოგიური პროგნოზი, რადგან მოსალოდნელია მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია, რისი მიზეზი პირველ რიგში კლიმატური ცვლილებები და კატაკლიზმები - წყალდიდობები, მიწისძვრები და წყლის დეფიციტი გახდება, გლობალური დათბობის შედეგად კი, დაშრება მდინარეები, რაც თავის მხრივ, გვალვასა და ხშირ ხანძრებს გამოიწვევს. 

ბიზნესი, კარიერა

თუ აქამდე წარმატებას მეტწილად ახალგაზრდა მამაკაცები აღწევდნენ, 2024 წლიდან საშუალო ასაკის ქალბატონების ეპოქა დაიწყება, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან  ე.წ. „მამაკაცურ სფეროებში“ - პოლიტიკაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნესში გამარჯვების მოპოვებას, შესაბამისად გაძლიერდება ქალების ავტორიტეტი, რომლებიც მთელ მსოფლიოში და ნებისმიერ სფეროში შეძლებენ დომინირებას. 

თუმცა, გართულდება ნამდვილი პროფესიონალების - ხარისხიანი განათლების მქონე ადამიანების მოძიება, რადგან ყველა უნარი ზედაპირული, ინფორმაცია კი - ზერელე, ნაკლებად სიღრმისეული იქნება. გაჩნდება ე.წ. „საკადრო შიმშილი“, გამოცდილი სპეციალისტები მუდმივ მონაცვლეობაში იქნებიან, 2-3 წელზე მეტს ერთ პოზიციაზე არ შეჩერდებიან, რადგან სწორედ მათ ექნებათ არჩევანის გაკეთების პრივილეგია. 

გარდაქმნების ეპოქის კიდევ ერთ თავისებურებად იქცევა გუნდური მუშაობისა და ურთიერთობის ახალი ფორმების ჩამოყალიბება, წარსულს ჩაბარდება ცხოვრების ძველი სტილი და სტანდარტული სამსახურებრივი იერარქია, რადგან პრიორიტეტული გახდება დისტანციური მუშაობა.

ახალი ეპოქის ადამიანები

ცვლილებებს მხოლოდ მოქნილი, ძლიერი ფსიქიკის და შემოქმედებითი ნიჭის, მსუბუქი და მობილური ადამიანები მოერგებიან, რომლებიც სწრაფად შეძლებენ ინოვაციებზე რეაგირებას, დისტანციურად მუშაობასა და კომუნიკაციას. მათ, ვინც მომავლის შიშის გარეშე შეძლებენ ადაპტირებას, ექნებათ სწრაფად გადაწყობის, თუმცა წონასწორობის შენარჩუნების უნარი, რადგან ახალი ეპოქაში ადამიანებს არა მხოლოდ ოპერატიულად მოქმედება, არამედ სიმშვიდის შენარჩუნება და ბალანსის დაცვაც მოუწევთ, რისი მიღწევა მხოლოდ ინტელექტის განვითარებით, ინდივიდუალური ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით იქნება შესაძლებელი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა