დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებულ 2 ბავშვს მკურნალობენ
თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკით დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ. მათგან ერთი, 9 წლის მოზარდი ახალ წლამდე დაზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მეორე, 6 წლის ბიჭი კი კლინიკაში სახის დაზიანებით შეიყვანეს.
ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის სტაბილურია და, მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"წლევანდელი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შედარებით კლებაა, ფეიერვერკითა და მაშხალებით მიღებული დაზიანებების, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. თუმცა, ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში ორი პაციენტი გვიწევს: ორი ბავშვი, 6 წლის და 9 წლის. ერთი მათგანი შემოვიდა ახალ წლამდე, მეორე კი ახალი წლის შემდეგ, მათი მდგომარეობა არის სტაბილური...ერთს აქვს სახე დაზიანებული, მეორეს კისრის წინა ზედაპირი, გულ-მკერდი, ორივე მტევანი, მას ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა, მდგომარეობა ამ წუთისთვის არის სტაბილური," - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე.
ამას გარდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 40 წლის მოქალაქე, რომელმაც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა და 25 წლის კაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.