რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებულ რაკეტებს იყენებს
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ეს ექსპერტებმა რაკეტების ნამსხვრევების შესწავლისას დაადგინეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, საუბარია, სავარაუდოდ, KN-23-ის ტიპის რაკეტაზე. დიდი უზუსტობის გამო რუსული ძალები ამ რაკეტებს, სავარაუდოდ, სწორედ ქალაქების დასაბომბად გამოიყენებენ.
„ჩრდილოეთ კორეის დახურული სტატუსის გამო ამ რაკეტის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. სამხრეთ კორეის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 690 კმ-ს შეადგენს. ამასთანავე, თუ რაკეტას 500 კგ-იანი ქობინი გააჩნია, მისი მოქმედების სიშორე ნაკლებია - 450 კმ“, - წერია Defense Express-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
ამასთანავე, გამოცემა იუწყება, რომ KN-23 ძალზე ჰგავს რუსული წარმოების რაკეტას „ისკანდერს“. შესაბამისად, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეამ ეს რაკეტა რუსეთის მიერ მიწოდებული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა. რაკეტის სიგრძე 7,5 მეტრია, დიამეტრი 0,95 მ და წონა 3415 კგ. რაკეტის ტრაექტორია - ფრენის სიმაღლე და მოქმედების სიშორე ასევე „ისკანდერთან“ ძალიან მიახლოებულია.
ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი რაკეტების განადგურება შესაძლებელია საზენიტო კომპლექსების, Patriot PAC 3-ის და SAMP/T-ის გამოყენებით.