რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ილუზიონისტი, დევიდ კოპერფილდი?
1980-90-იან წლებში ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო, რომელმაც მსოფლიო მაგიის არსებობაში დაარწმუნა. კოპერფილდის ფოკუსების უმეტესობა დღემდე ვერ ამოხსნეს, იმის მიუხედავად, რომ ამის გაკეთება ბევრმა სცადა. ჩვენ გიამბობთ როგორ მოიპოვა დევიდ კოპერფილდმა მსოფლიო აღიარება, სად გაუჩინარდა და რას აკეთებს ახლა 67 წლის ილუზიონისტი.
დევიდ კოპერფილდი (დევიდ სეთ კოტკინი) 1956 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. დევიდს ბავშვობიდან შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა. ბიჭი 4 წლის იყო, როდესაც ბაბუამ ბანქოს ფოკუსი აჩვენა და შვილიშვილმა მაშინვე გაიმეორა. 12 წლის ასაკში დევიდი პროფესიონალი ილუზიონისტი და ამერიკის ჯადოქართა საზოგადოების წევრი გახდა.
22 წლის ასაკში დევიდს სატელევიზიო გადაცემის "The Magic of ABC" წამყვანობა შესთავაზეს. მალე დევიდი სატელევიზიო შოუს "დევიდ კოპერფილდის მაგია" წამყვანად მოგვევლინა, რომელიც 90-იან წლებში მსოფლიოში წარმოუდგენლად პოპულარული იყო.
სწორად დაგეგმილი გადაღებებისა და მონტაჟის ხელოვნების დახმარებით კოპერფილდმა თავისი პიროვნების გარშემო ჯადოქრობისა და იდუმალების ატმოსფერო შექმნა. ილუზიონისტმა იცოდა, რომ ფოკუსები ეფექტურად დადგმულ შოუსთან ერთად უკეთ იყიდებოდა, ამიტომ ისეთი ფართომასშტაბიანი ილუზიები შექმნა, როგორიც იყო თვითმფრინავისა და თავისუფლების ქანდაკების გაქრობა, ჩინეთის დიდ კედელში გავლა, ღრუბლებში ფრენა და სასიკვდილო ნახტომები - ფოკუსები, რომლებიც რეალობასა და ფანტასტიკის ზღვარზეა.
სხვათა შორის, ერთხელ ერთ-ერთი ფოკუსის დროს ილუზიონისტი კინაღამ გარდაიცვალა - 1984 წელს მან ჯაჭვების დროულად გახსნა ვერ შეძლო და კინაღამ წყლით სავსე აუზში დაიხრჩო. საბედნიეროდ, ილუზიონისტი საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს, მაგრამ იმის გამო, რომ წყლის ქვეშ თითქმის 1,5 წუთი გაატარა, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდა და გარკვეული დროის განმავლობაში ინვალიდის ეტლითაც კი გადაადგილდებოდა. 1989 წელს დევიდმა ერთ-ერთი ტრიუკის დროს შემთხვევით თითის წვერი მოიჭრა, რომელიც, საბედნიეროდ, წარმატებით მიაკერეს.
რატომ გაქრა ეკრანებიდან?
2000-იანი წლებიდან კოპერფილდის რეიტინგმა კლება დაიწყო. ამის მიზეზი ილუზიონისტის მუდმივად თაღლითობაში დადანაშაულება და კოპერფილდის წინააღმდეგ წარმობული სასამართლო პროცესები გახდა.
მალე კოპერფილდმა გადაწყვიტა ტელევიზიაში გამოჩენაზე მთლიანად უარი ეთქვა, რადგან ტელევიზია ფარული კამერების დახმარებით ცდილობდა მისი საიდუმლოს ამოხსნას. როცა ამის შესახებ შეიტყო, კოპერფილდმა გადაწყვიტა ამიერიდან მხოლოდ საკუთარ კონცერტებზე გამოსულიყო და შოუზე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება აეკრძალა.
გაუთავებელი სასამართლოები
რამდენიმე წლის წინ ილუზიონისტი სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. 13 და 30 წლის წინანდელ საქმეებზე გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა, მაგრამ ილუზიონისტის დანაშაული არ დადასტურებულა. ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ FBI-მ კოპერფილდის რეკვიზიტების საწყობში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღო, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა.
10 წლის წინ, ერთ-ერთმა მაყურებელმა, რომელიც სცენაზე საკუთარი სურვილით ავიდა, ილუზიონისტს თავის ტრავმის მიყენება დააბრალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კოპერფილს უყურადღებობაში დაადანაშაულა, ქალს ფულადი კომპენსაციის გადახდაზე უარი უთხრა, რადგან მას შეეძლო რისკები მანამდე შეეფასებინა, სანამ სცენაზე ავიდოდა. საბოლლოოდ, კოპერფილდს თავისი პროგრამიდან "იღბლიანი №13" -ის ამოღება მოუწია, რომელიც ქალის დაშავების მიზეზი გახდა.
ყველაზე მდიდარი ილუზიონისტი
კოპერფილდის გადაცემები 40-ჯერ იყო ნომინირებული Emmy Award-ზე და 21 -ჯერ გაიმარჯვა. თავად ილუზიონისტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანად აღიარეს და გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. გასაკვირი არ არის, რომ კოპერფილდი ყველა დროის ყველაზე მდიდარი ილუზიონისტია. მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კოპერფილდისთვის შემოსავალი მხოლოდ მის შოუებს არ მოაქვს. ილუზიონისტს ბაჰამის კუნძულებზე პირადი არქიპელაგი აქვს, რომელიც 11 კუნძულისგან შედგება. კუნძულების 700 ჰექტარზე დევიდმა მდიდრული ვილები ააშენა. კუნძულებზე, სადაც მხოლოდ თვითმფრინავით მოხვდებით, მხოლოდ მდიდრები ისვენებენ, რადგან ერთი კვირის ქირა 300 ათასი დოლარია. კოპერფილდის კუნძულებზე ხშირად ისვენებენ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მსახიობი ჯონ ტრავოლტა.
ილუზიონისტს სხვა უძრავი ქონებაც აქვს - ესაა უზარმაზარი პენტჰაუსი ნიუ-იორკში და სასახლე ლას-ვეგასში, რომელსაც 8 საძინებელი, 9 აბაზანა, ღვინის მარანი, ღამის კლუბი და საცეკვაო მოედანი აქვს.
უძრავი ქონების გარდა, დევიდი მსოფლიოში წიგნების ყველაზე დიდი კოლექცის და ცნობილი ილუზიონისტების ნივთების მფლობელია. კოპერფილდი თავის კოლექციებს არ მალავს და პერიოდულად, მათ მუზეუმებს გამოფენისთვის აწვდის.
ილუზიონისტი არც ქველმოქმედებას ივიწყებს. პროექტის "მკურნალობის მაგია"დახმარებით ის შშმ პირებს ფოკუსების გაკეთებას ასწავლის. დადგენილია, რომ ასეთი არატრადიციული თერაპია პაციენტებს საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციების აღდგენაში ეხმარება.
ქალიშვილის აღზრდა
დევიდ კოპერფილდს ფოკუსების საიდუმლოს გარდა, პირად ცხოვრებასაც საგულდაგულოდ მალავს. ცნობილია, რომ 90-იან წლებში ის ცნობილ გერმანელ მოდელ კლაუდია შიფერზე დაინიშნა, მაგრამ 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა. ამის შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ წყვილის ურთიერთობა პიარ კამპანია იყო და სინამდვილეში დევიდს მამაკაცები მოსწონდა.
თუმცა, ილუზიონისტის პირადი ცხოვრება საპირისპიროს ამტკიცებს. თითქმის 20 წელია, დევიდი ფრანგ მოდელ ქლოე გოსელინთან ცხოვრობს, რომელმაც 2010 წელს ქალიშვილი - სკაი გაუჩინა. ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს ბაჰამის კუნძულებზე ატარებს. ამბობენ, რომ კოპერფილდს კიდევ 2 შვილი ჰყავს: ვაჟი დილან ჯეიკობი და ქალიშვილი ოდრი ანა, მაგრამ დევიდი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.