„იმ ღამეს, როდესაც ქვეყანას იესო მოევლინა, დედა მარიამი პირველად ხორბლით დაპურებულა“ - ნინო კვაჭანტირაძე საშობაო ტრადიციის შესახებ
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში უძველესი საშობაო ტრადიციის შესახებ წერს:
საქართველოში ერთი ტრადიცია ყოფილა- იმ ღამეს, როდესაც ქვეყანას იესო მოევლინა, დედა მარიამი პირველად ხორბლით დაპურებულა, ამიტომ საქართველოში ოდითგან, საშობაოდ თურმე ხორბალს ხარშავდნენ, ზოგიერთ ოჯახში ეს დღემდე შემორჩენილია, თუმცა, ჩემებს არასოდეს მოუხარშავთ, არ ვიცი, რატომ მიივიწყეს ეს ტრადიცია - შობის წინა ღამეს ხორბალს ალბობდნენ, მერე ქვიჯაში ცეხვავდნენ, აშრობდნენ და ბოლოს ხარშავდნენ, შეზავებით კი ნივრით , ნიგვზით და მარილით აზავებდნენო ან სულაც მხოლოდ მარილითო.
შარშან საშობაო ხორბალი პირველად მოვხარშე და წელსაც ასე ვიზამ, რა ვიცი, რაღაცნაირად მიხარია - შობისთვის დედა ღვთისმშობელს ულუფას ვუმზადებ.
რაც ეს ტრადიცია შევიტყვე, მას შემდეგ ვეძებ ამ ტრადიციის ისტორიას - სვანები მიდასტურებენ, რომ კიიი, საშობაო ხორბალი წინაპრებიდან ახსოვთ და დღემდე თვითონაც ხარშავენ! რაჭაშიც დღემდე, შობისთვის განატეხს რომ გამოაცხობენ, მერე მოხარშული ხორბლის ქვაბში ოჯახის უფროსი ჩაიხედავს და ხმამაღლა ჩასცინებსო. მერე ვაჟინითა და რძით მიირთმევენო. Ხორბლის ფაფას, არა მარტო სვანები და რაჭველები, ქართლშიც ხარშავდნენ, რაჭა ლეჩხუმში და საშობაოდ- ჭანტილას ეძახიან, თუშეთში კი ქრისტეს კორკოტსო- კახეთშიც ხარშავდნენ ხორბალს ნივრით და ნიგვზით - ცხრაწვენას ერქვა. წერს ქალბატონი დალილა ცატავა. მოხარშეთ თქვენც, დედა ღვთისმშობელს სულ ერთი მუჭა ხორბალი დააპურებს!
შობის ღამეს, როცა პატრიარქის კურთხევით ჩვენს ფანჯრებში სანთელს ავანთებ და იესოს მოვუხმობ, იქვე ერთ ჯამ შენელებულ ხორბალსაც დავდგამ და დედა ღვთისმშობელს მადლობას ვეტყვი! - წერს ნინო კვაჭანტირაძე.