თეგებით ძიება

გურული საშობაო ღვეზელი - ტრადიცია და მომზადების წესი

მალე შემოაღებს კარს შობა და ჩვენს გულებში სიკეთესა და სიყვარულს გააჩენს. როგორც სხვა დიდ დღესასწაულებს, შობასაც აქვს თავისი ტრადიციული კერძები, მაგალითად ყველასთვის საყვარელი გურული ღვეზელი. ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხი.

საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ყველაზე დიდი ფორმის კი ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ბავშვებისათვის პატარა ზომისას ამზადებდნენ. ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, მოზრდილი ფორმის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო. ის, ტრადიციულად, სუფრის შუაგულში იდებოდა, მასზე სანთელს ანთებდნენ და სწამდათ, რომ ეს ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის კეთდებოდა. ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა და ბოლოს გამოსაცხობად დალაგებულ ღვეზელებზე ცომით პატარა ჯვრებს ასვამდა. საშობაო ღვეზელი უსათუოდ ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ეს - ციური სხეულების, ხოლო კვერცხი ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა. 

საჭირო ინგრედიენტები:

წყალი და რძე - 0,5 ლიტრი

საფუარი - 1 ს/კ

პურის ფქვილი - 1 კგ

ზეთი ან კარაქი - 1 გრ

შაქარი - 1 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

იმერული ყველი - 1 კგ

მოხარშული კვერცხი - 10 ცალი

კვერცხი თავზე გადასასმელად - 3 ცალი

მაწონი - 3 ს/კ

მომზადების წესი

 შეათბე წყალი/რძე, შეურიე მარილი, შაქარი და გახსენი საფუარი. ჩაყარე ფქვილის ნახევარი თასში და გაუკეთე ჩაღრმავება. ჩაუმატე საფუვრიანი წყალი/რძე და ზეთი. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთე ბურთი, შეფუთე და 2 საათით დატოვე თბილ ადგილას. ცომი რომ გაფუვდება, შეურიე ფქვილის მეორე ნახევარი და ზეთიანი ხელით კარგად მოზილე. მიღებული ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაიტანე და ხუთ თანაბარ ნაწილად გაყავი. გადააფარე კულინარიული ცელოფანი და თბილ ადგილას 15-20 წუთით დატოვე. 

დაფშვენი ყველი. მოხარშული კვერცხი გაჭერი შუაზე. ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე ხელით გააბრტყელე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილე ყველი და მოაწყვე  შუაზე გაჭრილი კვერცხის ნაჭრები. ზევიდან გადმოკეცე ცომის მეორე ნახევარი და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარი პირი. 

მოაყარე ფქვილი საცხობ ლანგარს, დაალაგე მასზე ნახევარმთვარისებური ფორმის ღვეზელები. ცომისგან გამოიყვანე პატარა ჯვრები, დაასვი ღვეზელებს და თავზე კვერცხის გულში ათქვეფილი მაწონი გადაუსვი. შედგი ღუმელში და გამოაცხვე მაღალ ტემპერატურაზე. 20-25 წუთში ღვეზელი მზად იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა