თეგებით ძიება

"ჩემმა შვილებმა უმი ვეგანობა თავად გადაწყვიტეს... ვეუბნები, რომ ხორცის ჭამა საშინელებაა" - როგორ გახდა სალომე კალანდაძე ვეგანი?

სალომე კალანდაძე "მასტერშეფის" ერთადერთი უმი ვეგანი მონაწილე გახლდათ. ყველაზე კეთილშობილურ კონცეფციაზე დაფუძნებული სიახლე - უმი ვეგანიზმი ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათი ნაწილი ამას სალომეს მიმართ აგრესიით, დაცინვით, ლანძღვა-გინებით გამოხატავდა... გადავწყვიტეთ, სალომეს პიროვნება და უმი ვეგანიზმის თემა საზოგადოებისთვის უკეთ გაგვეცნო...

სალომე კალანდაძე პროფესიით ადვოკატი გახლავთ. საადვოკატო საქმით (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით) დღესაც დაკავებულია. ასევე, უძღვება კვების ობიექტს, რომელშიც მხოლოდ უმ ვეგანურ კერძებს ამზადებენ...

- ჩემთვის "მასტერშეფში" მონაწილეობის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მცენარეული, უმი ვეგანური სამზარეულოს, მისი სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია ბევრი ადამიანისთვის გამეზიარებინა. არ ველოდი, რომ უკლებლივ ყველა დადებითად მიიღებდა, რადგან ეს კონცეფცია პირდაპირ "გვეუბნება", - ტაფა და ქვაბი უნდა გადააგდოთო (იღიმის). ქართული, ლამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ხინკალი და ხაჭაპური ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე, გამანადგურებელია... როგორც ხდება, ნებისმიერი სიახლე, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის ჩვენს მენტალიტეტს, ტრადიციებს ეხება და გარკვეულწილად, ჩვენს იდენტობასთანაა დაკავშირებული, ძირითადად, საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამისთვის მზად ვიყავი. დაახლოებით რაც წარმომედგინა, ის დამხვდა: საზოგადოებისგან დამცინავი, სარკასტული, აგრესიული, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მივიღე... იმავდროულად, უამრავმა ადამიანმა მადლობაც მომწერა, ჩემ მიმართ სიყვარული, გულთბილი დამოკიდებულება და მხარდაჭერა გამოხატა. ჩემთვის ეს გულისამაჩუყებელი იყო. ჩემგან გაზიარებული ინფორმაცია თუ ერთ ადამიანს მაინც გამოადგა და წამლად ერგო, ე.ი. საქმე გაკეთებულია.

- ვეგანიზმი ცხოველების ნებისმიერი სახით ექსპლუატაციას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს უმი ვეგანიზმი?

- ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ კერძები დედამიწის რესურსების მინიმალური გამოყენებით დამზადდეს. საკვების თერმულად დამუშავება მხოლოდ 40-45 გრადუსამდეა დასაშვები, რადგან ესაა ერთადერთი გზა, რომ საკვებმა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, ანუ ჩვენ საკვებს არ ვწვავთ, არ ვხარშავთ, არ ვაცხობთ... 4 ტექნოლოგიას ვიყენებთ: გამოშრობა (დეჰიდრაცია), გაღივება, "ფრიზინგი" (შოკური გაყინვის მეთოდი) და ფერმენტაცია. ბოსტნეულსა თუ ხილს 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თუ ვხარშავთ, იგი სასიცოცხლო თვისებებს კარგავს. ადამიანის ორგანიზმისთვის გადამუშავებული საკვების მეორედ გადამუშავება ძლიერი სტრესია - დიდი რაოდენობით ფერმენტებს ხარჯავს, რომ თუნდაც მცენარეული კერძი გადაამუშაოს. უმი ვეგანური კერძების შესაქმნელად გაზქურა არ გვჭირდება. უმი ვეგანიზმი საუკეთესო გზაა, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ზიანი, არც - დედამიწას და არც - დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ცოცხალ არსებებს. როცა ასე იკვებები, ფაქტობრივად, საკვები ხდება შენი მკურნალი - მედიკამენტების საჭიროება საერთოდ აღარ დგას, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე, შენს ცხოვრებაში ისეთი საოცრებები იწყება, რომ მჯერა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლაკონიური გზაა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად.

- რა საოცრებებს გულისხმობთ?

- რაც უნდა ბევრი გესაუბროთ, თუ როგორი საოცარი ცხოვრება შეიძლება გელოდეთ, თავად თუ არ გამოცდით, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იქნება. შეუძლებელია, უმი ვეგანი დაავადდე ანთებით, გაციებით, სახსრების ტკივილი გაწუხებდეს... ყველა ორგანო იწმინდება და ახალგაზრდავდება, ანუ იმუნიტეტი ხელოვნური მინიმუმიდან ბუნებრივ ნორმამდე იზრდება - შეგიძლია სპეციალური გაკაჟების გარეშე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, თოვლში 3 საათი იწვე, -18 გრადუს ყინვაში და არაფერი დაგემართოს. პირადად მე, მთელი ცხოვრება ცინგლიანი ვიყავი (იცინის). ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები ჩემი მუდმივი თანმდევი იყო. ეს პრობლემები უბრალოდ, გაქრა... როგორც აღვნიშნე, ორგანიზმისთვის გადამუშავებული საკვების გადამუშავება დიდი სტრესია: როდესაც ვეღარ ამუშავებს, შლაკების სახით "ჯდება". უმი ვეგანობის შემთხვევაში, ამ შლაკების, შხამების დაშლა, გაწმენდა, ორგანიზმიდან გამოდევნა ხდება, როცა "ცოცხალ" საკვებს ვიღებთ... საერთოდ, ამ ტიპის კვებაზე იმიტომ დავფიქრდი, რომ თანამედროვე ადამიანი უამრავი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებით იტანჯება. დღევანდელი კვლევებით, ყოველ მეორეს აქვს დიაბეტის ნიშნები სხვადასხვა ფორმით, სიმსივნე, მენსტრუაციის დროს ტკივილი, ფსიქოლოგიური დაავადება - დეპრესია, ნევროზი... თვეების ბავშვებსაც კი საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ეწყებათ, რასაც უპირველეს ყოვლისა, რძის პროდუქტი იწვევს...

ადამიანების მთავარი მიზანია, ბედნიერად, ჰარმონიულად ვიგრძნოთ თავი, მაგრამ როცა ჯანმრთელები არ ვართ, თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობთ, დასახულ მიზნებს ვერ ვაღწევთ... პირადად მე, რაც უმი ვეგანი ვარ, უფრო მეტად ენერგიული გავხდი. მაგალითად, ხორცის ჭამა სარგებელს კი გვაძლევს, მაგრამ იმაზე მეტს გვართმევს, ანუ თუკი 2 კილოჯოულ ენერგიას მაძლევს, 14 კილოჯოული მჭირდება, რომ გადავამუშაო... ხომ გვინდა, ცხოვრება ყველამ შევიგრძნოთ და დავტკბეთ? ამდენი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადება ამაში ხელს გვიშლის... ცოტათი გიჟურად ჟღერს, მაგრამ ყველანი უმ ვეგანურ კვებაზე რომ ვიყოთ, დედამიწაზე შიმშილობა აღარ იქნება. ადამიანები უბრალოდ ვეგანურ კვებაზეც რომ გადავიდნენ, დედამიწის რესურსების 90% დაიზოგება...

- როგორ გარემოში გაიზარდეთ? უმი ვეგანი როგორ გახდით?

- სტანდარტულ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში დავიბადე, სადაც სააღდგომოდ კვერცხებს ვღებავდით. ახლა დედაჩემს გული უსკდება, რადგან კვერცხებს არ ვღებავ (იცინის). ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა ხდება... დაახლოებით 7 წელია, ხორცი არ მიჭამია. ჩემს ორგანიზმს ხორციანი კერძის მიღება არ სიამოვნებდა... საერთოდ, ასაკი რომ გვემატება, ჩვენთვის არაჯანსაღი საკვების მიღება მძიმეა: ადამიანების დიდი ნაწილი, შემწვარ-მოხრაკული საკვების მიღების შემდეგ, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველ პრეპარატსაც დააყოლებს ხოლმე... მოკლედ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დისკომფორტი დამეწყო. თან, იმ პერიოდში იოგაზე მივედი. ჩემთვის გადამწყვეტი ეპიზოდი იყო, როცა იოგის ინსტრუქტორმა გურუმ მკითხა, - ძროხას ჭამო? მაშინ დავფიქრდი: რასაც მე "ხორცს" ვუწოდებდი, იმას ის ადამიანი "ძროხას" ეძახდა. ხორცის ჭამისთვის თითქოს თავი ისედაც დანებებული მქონდა, მაგრამ იმ დღის მერე არასოდეს მიჭამია. შემდეგ სხვადასხვა ინფორმაციას გავეცანი, წავიკითხე... გავიგე, რომ საქართველოში განდეგილი, შავი ბერი - მამა სერაპიონი, იგივე მამა იოანე მხოლოდ გაღივებულ ხორბალს ჭამდა. მისი ენერგეტიკა ისეთი სუფთა იყო, რომ შეეძლო, ადამიანები განეკურნა სიმსივნისგან და სხვადასხვა სენისგან. მაშინ პირველად გავიგე, გაღივებული ხორბალი რა იყო და გავაცნობიერე, ადამიანს ენერგეტიკა როგორ გისუფთავდება, როცა არა მარტო ნაყროვანებაზე, არამედ გემოთმოყვარეობაზეც უარს ამბობ.

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- 3 შვილი, 2 ვაჟი და 1 გოგონა მყავს. განქორწინებული ვარ. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანი ჩემს შეხედულებებს და ფასეულობებს ითვალისწინებდეს. ვფიქრობ, ვინც ახლა ჩემ გვერდით იქნება, სხვაგვარად კვების სურვილი არც უნდა გაუჩნდეს (იღიმის).

- თქვენი განქორწინების მიზეზი უმი ვეგანიზმი ხომ არ გახდა?

- (იცინის) სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს იყო. ჩემი ცხოვრების სტილმა შემაძლებინა, რომ ეს ურთიერთობა დამესრულებინა. ხომ იცით, ჰარმონიული ურთიერთობის დამთავრებას ერთი მიზეზი არ იწვევს, ბევრი სხვა ფაქტორი იყო... ხომ ვამბობთ, უმი ვეგანური კვება ორგანიზმიდან შხამებს და შლაკებს გამოდევნისო, არა? ასევე, ურთიერთობები, რომლებიც გონებას გიშხამავს, "მიდის". ამიტომ ვამბობ, - უმი ვეგანობა კარიერას და პირად ცხოვრებას გალაგებინებს-მეთქი. კვება ხომ პირველი ინსტინქტია? წარმოიდგინეთ, როცა ამ ინსტინქტის მართვა შეგიძლია, საკუთარ თავსაც უკეთ მართავ.

- როგორც ვიცი, თქვენი შვილებიც უმი ვეგანები არიან. ოჯახის სხვა წევრებს ამ საკითხის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- გასულ ზაფხულს, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოვაქვეყნე - ბავშვებს გაღივებულ ხორბალს ვაჭმევდი. ხალხმა ლამის პეტიცია შექმნა, ჩემთვის დედობის უფლების ჩამოსართმევად (იცინის). გაოცებული იყვნენ, - როგორ შეიძლება, ბავშვს გაღივებულ ხორბალს, ბროკოლს და გოჯი ბერის აჭმევდეო?! თან, ხშირად მეუბნებოდნენ, - ბავშვებს ასეთი საკვების მიღებას აძალებო. როგორ წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში, 15 წლის მოზარდ ბიჭს რამე დააძალო, მით უმეტეს - საკვები?! რა უნდა ჩაიცვას, იმაშიც კი ვერ და არ ვერევი. ჩემი მთავარი ფასეულობაა, ბავშვი სიყვარულით გავზარდო, დამოუკიდებლად ცხოვრება ვასწავლო. ხშირად გარემო უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისყოფა. ბავშვები საზოგადოებასთან სოციალურ ურთიერთობებში არიან. ამიტომ ამ საკითხის მიმართ ფაქიზი ვიყავი. იყო პერიოდი, როცა ხორცს თავად არ ვჭამდი, მაგრამ ბავშვებს ვაჭმევდი. ბავშვი ოჯახის სარკეა: მხედავდნენ, ინფორმაცია მიიღეს, რა იყო უმი ვეგანიზმი, "დაგუგლეს"... მათ ცხოვრებაში ერთადერთი ვარ, ვინც ვეუბნები, რომ ხორცის ჭამა საშინელებაა, ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამანადგურებელია, ოჯახის სხვა წევრები (მამა, ბიძა, ბიცოლა, ბებია ბაბუა...) სხვა რამეს, ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ... ჩემს სიტყვას ასეთი ძლიერი გავლენა რომ ჰქონდეს, მთელი საქართველო გავეგანდებოდა (იღიმის). შვილებმა უმი ვეგანობა თავად გადაწყვიტეს. ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რადგან ინფორმაცია მათ თავად მივაწოდე. ცხოველების შესახებ თუ რამე მულტფილმი არსებობს, აბსოლუტურად ყველა ზეპირად ვიცით, რადგან უბრალოდ მინდოდა, ბავშვებისთვის ის ინფორმაცია მიმეწოდებინა, თუ რა იყო ხორციანი კერძი, სანამ თეფშამდე "მოვიდოდა". ბავშვები მართლა კეთილები არიან. ემპათიის მაღალი განცდა აქვთ და ცხოველები უყვართ. ბავშვს თუ რამე ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს, ცხოველის მოკვლა და საერთოდ, არავისთვის ზიანის მიყენება არ უნდა მოუნდეს... რა თქმა უნდა, ბევრი წინააღმდეგობა ხვდებათ. საქართველოში ბავშვი კი არა, უფროსები ვაწყდებით ასეთ წინააღმდეგობებს. გარკვეულწილად, ბავშვისთვის ვეგანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გმირობაც არის...

- ასეთ გარემოში, თქვენი კვების ობიექტი, რომელშიც მხოლოდ უმ ვეგანურ კერძებს ამზადეთ, ამართლებს, როგორც ბიზნესი?

- მიიჩნევა, რომ ბიზნესებს შორის ყველაზე რთული კვების ინდუსტრიაა, განსაკუთრებით - ჯანსაღი კვების, მით უმეტეს - უმი ვეგანური. ასე ვთქვათ, იმის გაყიდვამ მოგვიწია, რაც არავის უნდოდა - ტერმინებიც კი არ იცოდნენ, რას ნიშნავდა "უმი ვეგანიზმი". მაგალითად, გაღივებული ხორბალი უფასოდ გვაქვს - ყველას ვჩუქნით. მის გამო ჩვენთან რიგი არასდროს დამდგარა, მაგრამ შაურმა რომ უფასოდ იყოს, უეჭველად რიგი დადგებოდა... ძლიერი ენთუზიაზმის და დაუშრეტელი შრომის შედეგია, რომ საქართველოში უმი ვეგანური სამზარეულო, როგორც ბიზნესი, არსებობს, სტარტაპი შედგა. საქმე 0 ინვესტიციით დავიწყეთ. რესტორნების ბიზნესში ასიათასობით თანხას დებენ. ჩვენ ამდენი თანხა არც გვინდოდა, მაგრამ რეალურად, ბიზნესს გარკვეული ფინანსები მაინც სჭირდება. იდეის ავტორებმა, მე და მარიამმა ბიზნესი სახლიდან წამოღებული დანებით, 1 ბლენდერით, 100-ლარიანი საშრობით დავიწყეთ და დღეს უკვე საქართველოს ბაზარზე, ვინც ჯანსაღი, ვეგანური კვებითაა დაინტერესებული, ყველამ იცის, რომ ვარსებობთ. თავდაპირველად მომხმარებლებს შორის მხოლოდ უცხოელები და ჩემი ახლობლები იყვნენ (იღიმის). მომხმარებლების რაოდენობა და უმი ვეგანური სამზარეულოს ცნობადობა ნელ-ნელა გაიზარდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ "მასტერშეფში" მონაწილეობა მთხოვეს, იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთი სიახლე იყო, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებდა.

- პროექტის დატოვების გამო, უსამართლობის შეგრძნება არ გაგიჩნდათ? კერძის მოსამზადებლად მეტოქემ ცხოველური პროდუქტები შეგირჩიათ - საკვები ინგრედიენტების გარეშე დაგტოვათ, ქინძს თუ არ ჩავთვლით...

- გულწრფელად გითხრათ, დედამიწა სამართლიანი ადგილი არ არის (იღიმის). აბა, ისტორიას გადახედეთ: ადამიანები ცხოველებს კი არა, ერთმანეთს ვხოცავთ. დღესაც ომია... პროექტში გამარჯვებისთვის ან დამარცხებისთვის არ მივსულვარ. ნებისმიერ პლატფორმას ვიყენებ, რომ ხალხს ინფორმაცია გავუზიარო. გულწრფელად გეტყვით: "მასტერშეფში" ჩემი მონაწილეობა ძალიან სტრესული იყო. ჩემ მიმართ დაწერილი კომენტარები თავად არ წამიკითხავს, მაგრამ მითხრეს, რომ ვინც შეურაცხყოფას მაყენებდა და დედას მაგინებდა, ჩემი შვილი ჩამოჰყვა და ყველას დაუწერა, - ეს დედაჩემიაო... მივხვდი, მხოლოდ ჩემი თავი არ უნდა გამეთვალისწინებინა... ვფიქრობ, როცა ნატიფად იკვებები, მთელი სამყარო გეხმარება, რომ სურვილებიც აგისრულდეს. მჯერა, როცა დადებით ენერგიას გასცემ, ის არ იკარგება - ისევ შენამდე მოდის. ხალხისგან დიდი სიყვარული და გულთბილი დამოკიდებუელბაც მივიღე. "მასტერშეფში" მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯი, წიგნის ერთი ფურცელი იყო. მიხარია, როცა ადამიანების ცხოვრებაზე დადებით გავლენას ვახდენ. ვიღაცისთვის ჩემ მიერ გაზიარებული ინფორმაცია გამოსავალი, საშველი იყო და ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო (იღიმის).

წყარო - ჟურნალი "გზა"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა