თეგებით ძიება

შეგუება-არშემჩნევით ვცოცხლობ უკვე, თორემ მე რაც შური და ჩუმი წყევლა მახვევია - თქვენს მტერს და ავს - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ის, რაზეც ახლა წუხართ, წუხართ სრულიად ფარისევლურად, რადგან თქვენ და მეც ამ ეროვნული სპორტის მტკიცე ნაწილი ვართ: ცოცხალი გვძულს, მკვდარი გვიყვარს. ძველი საქმეა ეს, ზეპირად ვიცით, მაგრამ არ მოგვბეზრდა - ის გარდაცვლილი გოგოც - ვისაც ახლა ვიგლოვთ და ერთმანეთს ვამუნათებთ, ცოცხალი რატომ არ მოგწონდაო. სხვა გარდაცვლილი ბიჭიც.  და ასე შემდეგ. რადგან  მკვდარი უსაფრთხოა უკვე ჩვენი ფიქრებისთვის - ნეიტრალური. და ის ვინც უსაფრთხოა - იოლია შესაქებად.

მე ხომ მოვკვდი ერთხელ და დამიტირეს. მერე, წელიწადით გვიან ვნახე ეგ ტირილი და ხუთიოდ  თვეში, უკვე ცოცხალმა, სხვა აზრი ვთქვი - მაგ მოტირალთა ნაწილი ისევ ჩემს სიკვდილს ნატრობდა და ნაწილი კიდევ იმ სიკვდილს მანიპულაციას ეძახდა მათთვის ჩვეულად უსინდისოდ. ეგ არის ადამიანი. განსაკუთრებით ჩვენებური. და სრულიად სულ ერთია -  კონსერვატორს დაირქმევს ის თუ ლიბერალს, მემარჯვენეს თუ მემარცხენეს.

ვთქვათ თამამად - ერთმანეთი გვძულს. განსაკუთრებით ის გვძულს, ვინც რაღაც ფორმით დაწინაურდა, რადგან ადგილი, სადაც ის დგას, ჩვენი გვგონია. და რა გასაკვირია, რომ განსხვავებული გვძულდეს. ერთმა ჭკვიანმა მეცნიერმა დაწერა ადრე: ,,ადამიანი ადამიანისთვის ჯოჯოხეთია".  და სიმშვიდეს გვიშლის სხვა ადამიანი. გვაწვალებს.  ჰოდა, იმ კაცს მეტი კიდევ არაფერი უთქვამს: ,,არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა". ამ მცნების მიმდევრები ვართ. ამ მცნებით მცხოვრები. არც შეცვლას ვცდილობთ. არც შევეცდებით. ასე მგონია და ამ შეგუება-არშემჩნევით ვცოცხლობ უკვე, თორემ მე რაც შური და ჩუმი წყევლა მახვევია -  თქვენს მტერს და ავს - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა