იტალიამ ევროკავშირს საკუთარი არმიის შექმნისკენ მოუწოდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, ევროკავშირმა საკუთარი კომბინირებული ჯარი უნდა შექმნას, რომელიც მშვიდობის დაცვასა და კონფლიქტების პრევენციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს განცხადება პოლიტიკოსმა გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში გააკეთა. ტაიანის თქმით, თავდაცვის სფეროში ევროპის ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მისი პარტიის „წინ იტალია“ პრიორიტეტია.
„თუ გვსურს ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ევროპული შეიარაღებული ძალები გვჭირდება. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა იმისთვის, რომ შევძლოთ გვქონდეს ეფექტიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა. მსოფლიოში, სადაც არიან ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორც აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი; სადაც არის კრიზისები ახლო აღმოსავლეთიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე, იტალიელი, გერმანელი, ფრანგი ან სლოვენიელი მოქალაქეების დაცვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმით, რაც უკვე არსებობს, ანუ ევროკავშირის მიერ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ანტონიო ტაიანი პარტია „წინ იტალიას“ (Forza Italia) ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ გახდა.