Pantone-მა 2024 წლის ფერი დაასახელა
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა. გაიცანით Peach Fuzz, რომელიც ძალიან ახლოსაა ატმისფერთან. უფრო ზუსტად კი, როგორც კომპანია წერს, "ნაზ, ხავერდოვან ატმისფერთან".
"თბილი და მეგობრული ფერი ხაზს უსვამს ჩვენი ერთიანობის სურვილს", — აცხადებს კომპანია, — "Peach Fuzz სინაზეს ახლებურად წარმოგვიდგენს. ეს ფაქიზად ვნებიანი ფერი აღვიძებს სისათუთის გრძნობას და მოგვიწოდებს ზრუნვისა და გაზიარებისკენ, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ".
Pantone-ის თქმით, 2024 წლის ფერი ნამდვილი "ძღვენია" ჩვენი შეგრძნებებისთვის, ამყარებს რა, "სიმბიოზურ ურთიერთობას გემოს, მხედველობის, შეხებისა და ყნოსვის გრძნობებთან".
Pantone-ის მიერ შერჩეული წლის ფერი გავლენას ახდენს პროდუქციის შემუშავებაზე და ყიდვის გადაწყვეტილებაზე უამრავ სფეროში – მოდის, სახლისთვის საჭირო ავეჯის და სამრეწველო დიზაინის, აგრეთვე, პროდუქტების შეფუთვისა და გრაფიკული დიზაინის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ ფერის ამერიკული ინსტიტუტის – Pantone-ის ვერსიით, 2023 წლის ელფერი 18-1750 იყო, სახელწოდებით Viva Magenta.