თეგებით ძიება

რატომ მიაქვთ ებრაელებს სასაფლაოზე, ყვავილების ნაცვლად, ქვები?

ებრაულ სასაფლაოზე ყვავილებიან ადამიანს არასოდეს შეხვდებით. უფრო მეტიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ებრაელის საფლავთან ვერც ქოთნებში ან უბრალოდ მიწაში დარგულ მცენარეს ნახავთ. ებრაელების საფლავებზე ყვავილების ნაცვლად კენჭები და ქვები დევს. მოდით, გავარკვიოთ, რა დგას ამის უკან:

რატომ არ მიაქვთ ებრაელებს საფლავზე ყვავილები?

ებრაელებს უძველესი დროიდან მიაჩნიათ, რომ სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ უკანასკნელ გზაზე ყველა ებრაელს სადა და უბრალო სამოსი აცვია. ებრაელების გაგებით, ყვავილი სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოა და საფლავზე მისი მიტანა რწმენის კანონებს ეწინააღმდეგება.

წარმოიდგინეთ, ვიღაც თავისი ახლობელის საფლავს უძვირფასესი თაიგულებით დაფარავს, ვიღაცას კი ამის ერთი თაიგულის ყიდვის საშუალებაც არ აქვს. ეს მიცვალებულების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფას გამოიწვევს, რაც აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ებრაელებში სასაფლაოზე საკვების ან რაიმე ცოცხალის მიტანაც არ შეიძლება. იუდაიზმის მიხედვით კი ნებისმიერი ყვავილი ცოცხალია.

ყვავილებთან დაკავშირებით ალბათ გასაგებია.

ახლა ვცადოთ გავარკვიოთ: რატომ მიაქვთ ებრაელებს საფლავზე მაინცდამაინც ქვები?

ზოგი ვერსიით, ეს ჩვეულება უდაბნოში 40 წლიან ხეტიალს უკავშირდება, როდესაც ებრაელებს გარდაცვლილ თანამოძმეების დამარხვა ქვების გროვის ქვეშ უწევდათ.

ზოგი ვერსიით კი, ქვა მარადისობის სიმბოლოა. ქვების საფლავთან მიტანით ებრაელები გარდაცვლილს მარადიულ ხსოვნას ჰპირდებიან.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ებრაელები ქვებს იერუსალიმის დანგრეულ ტაძართან და ზოგადად, საკუთარი ერის ტრაგიკულ ისტორიასთან აიგივებენ.

არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც ებრაელ მეცნიერს იუდა ბენ კალონიმუსს უკავშირდება:

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ებრაელები ბავშვის რიტუალურ მკვლელობაში დაადანაშაულეს. თანაქალაქელების უდანაშაულობის დასამტკიცებლად კალონიმუსმა დიდი ცოდვა ჩაიდინა და გარდაცვლილი ცოტა ხნით გააცოცხლა.

მკვდრეთით აღმდგარმა ბავშვმა თავის მკვლელზე მიუთითა და ებრაელები სასჯელისგან იხსნა, მაგრამ ცოდვის ჩადენის შემდეგ მეცნიერი თვითგვემას მიეცა;

კალონიმუსმა თანამემამულეებს სთხოვა, ცოდვის გამოსასყიდად მისი საფლავისთვის ქვები ესროლათ. ებრაელებმა მეცნიერის თხოვნა ნაწილობრივ შეასრულეს - საფლავზე ქვები მიიტანეს, მაგრამ სროლის ნაცვლად, მოწიწებით დააწყვეს.

ეს ჩვეულება თაობიდან თაობას გადაეცა და ჩვენს დრომდე მოაღწია.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა